ხათუნა სამნიძე - ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები თავიანთ დახმარებას სწორედ იმ სექტორებზე მიმართავენ, რომელთა წინააღმდეგ ხელისუფლება ბარიერების გამოყენებას არ იშურებს
ხათუნა სამნიძე - ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები თავიანთ დახმარებას სწორედ იმ სექტორებზე მიმართავენ, რომელთა წინააღმდეგ ხელისუფლება ბარიერების გამოყენებას არ იშურებს

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც წლებია, ამ ქვეყანას უდგანან გვერდით და ქვეყნის მიტოვებას არ აპირებენ, თავიანთ დახმარებას სწორედ იმ სექტორებზე მიმართავენ, ვის წინააღმდეგაც ბარიერების გამოყენებას ხელისუფლება არ იშურებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე მედიას და ოპოზიციას, დასავლელი მეგობრები კი არასამთავრობო სექტორსა და მედიას გაძლიერებაში დაეხმარებიან.

„ხელისუფლება როდესაც ღია ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა, ბუნებრივია, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც წლებია, ამ ქვეყანას უდგანან გვერდით და ქვეყნის მიტოვებას არ აპირებენ, თავიანთ დახმარებას სწორედ იმ სექტორებზე მიმართავენ, ვის წინააღმდეგაც ბარიერების გამოყენებას ხელისუფლება არ იშურებს. ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე მედიასა და ოპოზიციას. ამ ვითარებაში ჩვენი მეგობრები, რომლებიც ქვეყანას გვერდით უდგანან, არასამთავრობო სექტორსა და მედიას გაძლიერებაში დაეხმარებიან.

მისი თქმით, ქვეყნის მომავლისათვის ძალიან სახიფათოა, როცა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები დახმარების სხვადასხვა ინსტრუმენტის შეჩერებით აჩვენებენ, რომ არ აპირებენ გვერდით დაუდგნენ ხელისუფლებას, რომელიც ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა.

„ბიუჯეტის სერიოზული ნაწილი დასავლურ დახმარებებზეა დამოკიდებული და ასეთ ვითარებაში ხელისუფლება პარტნიორებს არ უნდა ესხმოდეს თავს. „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩათვალა, ძალაუფლებას რუსეთისკენ შეტრიალებით და ევროპისათვის ზურგის შექცევით უფრო შეინარჩუნებს, ეს არის ძალიან სახიფათო და ძალიან საშიში. „ქართულმა ოცნებამ“ ძალა არ დაიშურა, რომ ანტიდასავლური კამპანია ეწარმოებინა და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინისა და მოლდოვისგან გამოეცალკევებინა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა. ამავე დროს, ჰერჩინსკის თქმით, პირდაპირი მხარდაჭერა იქნება გადატანილი საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ.