ხათუნა სამნიძე - ძალადობრივი ფაქტების შემდეგ, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება იყო სამარცხვინო და ძალიან სახიფათო
ხათუნა სამნიძე - ძალადობრივი ფაქტების შემდეგ, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება იყო სამარცხვინო და ძალიან სახიფათო

დღეს, ძალადობრივი ფაქტების შემდეგ, კობახიძის განცხადება იყო კიდევ ერთი სამარცხვინო და ძალიან სახიფათო განცხადება, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„მან ნიშნის მოგებით უთხრა საზოგადოებას, ხომ გაფრთხილებდით, რომ ასე მოხდებოდაო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს არც საპატრიარქოს უმოქმედია დამოუკიდებლად და არც იმ ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც საპატრიარქომ შეკრიბა. რამდენიმე დღეა, საპატრიარქო საზოგადოებას, მრევლს შეკრებისკენ და ძალადობისკენ მოუწოდებს. ორგანიზებულად იყო რაიონებიდან ადამიანების ჩამოყვანა და კურთხევა, თითქოს, ვინმე ომში მიდიოდა. ეს კადრები ვნახეთ, როცა საპატრიარქო, რომელშიც რუსეთის გავლენა უდიდესია, პირდაპირ აორგანიზებდა ძალადობრივ მოქმედებებს“, – განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყოფილიყო ამაზე ადეკვატური რეაქცია და მკაფიო განცხადებები, საზოგადოებამ დილიდანვე მოისმინა პრემიერის ძალიან სახიფათო განცხადება.

„ამ განცხადებით პრემიერმა მწვანე შუქი აუნთო და ყველა მოძალადე ჯგუფს უთხრა, რომ მათ გვერდით იქნება ყველა მოქმედებაში, რასაც ისინი გადაწყვეტენ, რათა ამ ქვეყანაში თავისუფალი მოქალაქეების ნება არ აღსრულდეს. პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ წაახალისა მოძალადე ჯგუფები და უთხრა, რომ ისინი თავს დასხმოდნენ ყველა ადამიანს, ვინც შსს-ს მოწოდებას თუ აკრძალვას არ დაემორჩილა, რომ მარში არ ჩაეტარებინათ. გარდა ამისა, მათ დიდი ხანია, სურდათ იმ კარვების აღება, რომლებიც პარლამენტის წინ იყო განლაგებული. გამოიყენეს ორგანიზებული ჯგუფები და თავდასხმებით ორგანიზებულად აღკვეთეს ის ადამიანები, ვინც კარვებში იყო“, – განაცხადა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძემ ასევე განაცხადა, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, არის მახინჯი პრაქტიკა, როცა ხელისუფლება საპატრიარქოს თავდახრილი ესაუბრება.