ხათუნა სამნიძე - ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილის მითები დამაჯერებელი არ არის
ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილის ინსინუაციები და მითები დამაჯერებელი არ არის, – ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილი, სადაც საუბარია სხვადასხვა ვერსიაზე, თუ რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არც ტყუილს და არც სიძულვილის ენას არ ერიდება.
„რა თქმა უნდა, ჩემთვის ირაკლი ღარიბაშვილის ინსინუაციები და მითები დამაჯერებელი არ არის. მან რა ვერსიებზეც არ უნდა ისაუბროს, ეს ჩემთვის დამაჯერებელი ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არ ერიდება არც ტყუილს, არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არც სიძულვილის ენას, არც არანაირი ბოროტების დაბრალებას ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც არ ეთანხმება მათ მოსაზრებებს და დაპირისპირებულია მათთან.
„ქართული ოცნება“ ყველა ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციას ეწევა და მთელი 9 წლის განმავლობაში ჩვენ გვესმის თავდასხმები „ნაციონალურ მოძრაობაზე“. როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდათ მეორე ტურების წინ და არის პანიკა. მათთვის წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში იყოს ოპოზიციური მერი ან ოპოზიციური საკრებულო“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.