ხათუნა სამნიძე - ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება
ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ღვარძლი, ზიზღი, სიძულვილი და განახორციელოს კიდეც ძალადობა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, საპატრიარქო ფინანსდება ხალხის ფულით და ყველა ხელისუფლება ცდილობს, ეს ინსტიტუცია ხარკის გადახდით გამოიყენოს.
„საპატრიარქოს აქვს დიდი ძალაუფლება, რათა ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე. მათ შორის ამ ძალიან მძიმე საკითხში, რაც არის ქალების კვლა, ფემიციდი. ცდილობს, პასუხისმგებლობა მედიას, საზოგადოებას დააკისროს და არცერთ ეტაპზე არ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას მაშინ, როცა ასეთი სერიოზული ძალაუფლება აქვს.
არ ვსაუბრობ რელიგიასა და რწმენაზე, ვსაუბრობ ინსტიტუციაზე — საპატრიარქოზე, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს ძალიან ხშირად სცდება და პოლიტიკურ პროცესებში ერევა. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას, როგორც რუსეთის გაგრძელებას. ამას აქვს კონკრეტული საფუძვლები — მილოცვა იყო კირილის მიმართ, ასევე ვერასდროს სცნო უკრაინის ავტოკეფალია. პარლამენტში როდესავ განიხილება საკითხები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიასა და პროგრესს, აგრეთვე გენდერული საკითხები, დეცენტრალიზაცია, სექსუალური განათლება სკოლებში — საპატრიარქო ამ საკითხებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ის ერევა პოლიტიკურ პროცესებში, თან ისე, რომ ქვეყანაში პირდაპირ შეაფერხოს პროგრესი, თანასწორობა, განვითარება. საპატრიარქოს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყანაში არ არის იმისთვის, რომ პროგრესი იყოს. საპატრიარქოში რუსეთის უდიდესი გავლენებია. ისინი მტრობენ ქვეყანას, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ ფემიციდზე, კირილს დაბადების დღეს ულოცავენ“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.