ეს ე.წ. ვეტინგი არის გარკვეული ბერკეტი და არის პოლიტიკური პროექტი საინტერესო სახელმწიფოების სუვერენიტეტის წინააღმდეგ, სუვერენიტეტის დასამთავრებლად, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ქართული მართლმსაჯულების დაკომპლექტებაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობა და ეს პროცესი ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს სუვერენიტეტის დარღვევად. შორს წასვლა არ გვჭირდება. ჩვენ ჩვენს თავზე გამოვცადეთ შარლ მიშელის ჩარჩოხელშეკრულება, რომელიც ანალოგიურად სასამართლოზე იყო მიმართული და ჩვენმა ხელისუფლებამ მაშინ ღირსეულად დაასრულა ეს პროცესი. მე მაშინ ძალიან დაპირისპირებული ვიყავი ჩემს ხელისუფლებასთან, რომელსაც ყოველთვის მხარს ვუჭერდი და როდესაც ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა, მე ბედნიერი ვიყავი, იმიტომ, რომ, ჩემი კრიტიკის მიუხედავად, მათ დაიჭირეს პოზიცია, რომელიც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა“, – განაცხადა ხოფერიამ.
მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა სხვადასხვა ქვეყანაზე ერთნაირი ხერხით მიმდინარეობს და საქართველო არ არის დასავლეთის პოლიტიკური შანტაჟის პირველი მსხვერპლი.
„პოლონეთში, კაჩინსკის პრემიერობის პირობებში და მანამდეც, ხდებოდა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა, ხოლო როცა ხელისუფლებამ უარი განაცხადა, ამ ქვეყანას სანქციები დაუწესეს, დაფინანსება შეუწყვიტეს და ეს იყო რამდენიმემილიარდიანი დაფინანსება, მაგრამ მაინც ვერ დაიყოლიეს.
პოლონეთში ქუჩებში გამოდიოდა ხალხი. ახლა გადავინაცვლოთ ისრაელში, რა ხდებოდა. ანალოგიურად, სასამართლო რეფორმის მოტივით, ხალხი გამოდიოდა ქუჩაში, უპირისპირდებოდნენ და იქაც იყო „მეგობარი“ ქვეყნების მხრიდან კატეგორიული მოთხოვნა სამართლიანობის, კორუფციული სასამართლოს რეფორმირების, გარკვეული ცვლილებების და ა.შ. ხდებოდა ზეწოლა, მაგრამ ნეთანიაჰუმ ამას დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ორი „მაიდანი“ მოუწყვეს ნეთანიაჰუს. ახლა გავაგრძელოთ და მივიდეთ უკრაინამდე. იქაც, ომამდე შევიდა ანალოგიური პროექტი, რომელსაც რადამ დაუჭირა მხარი, მიღებული იქნა და დაბლოკა საკონსტიტუციო სასამართლომ. საკონსტიტუციოს მოსამართლემ, პატრიოტმა ადამიანმა დაბლოკა ეს პროექტი, რომელიც მერე დაადანაშაულეს და დაჭერილია თუ არა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გათავისუფლებული ნამდვილად არის. ასევე, ბალკანეთის ქვეყნებში ხდება კანონების შეჩერება. ჩვენ არ ვართ პირველი მსხვერპლი დასავლეთიდან ამ პოლიტიკური ბერკეტის, პოლიტიკური ზეწოლის და პოლიტიკური შანტაჟის. ეს არის ტიპური პოლიტიკური შანტაჟი, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უწყობენ“, – განაცხადა ხოფერიამ.
როგორც ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, ახალ რეალობაში საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და აქ დიდი ინტერესია ჩადებული, ხოლო სადაც დიდი პოლიტიკური და, შესაბამისად, ფინანსური ინტერესია, იქ ხელისუფლების შტოებზე ზეწოლაც მეტია.
„„Ენჯეოებს“ მთლიანად აკონტროლებენ ჩვენი „მეგობრები“, მედიის დიდი ნაწილიც სრული კონტროლის ქვეშ არის და დაფინანსებულია მათი მხრიდან. პრეზიდენტის ინსტიტუტს თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ, მონა-მორჩილი ჰყავთ საქართველოს პრეზიდენტი, ყველაფერზე წამსვლელი, უთავმოყვარეო ადამიანი და თუ სასამართლო ხელისუფლებასაც ხელში ჩაიგდებენ. ხომ ხვდებით, ეს რას ნიშნავს? არჩევნების შედეგების გაუქმებას თუ დადასტურებას, პირად დავებს თუ პოლიტიკურ დავებს სასამართლო წყვეტს, სასამართლოს ხელშია ყველა ბერკეტი და ამიტომ უნდათ, ვიღაცებს შეარჩევინონ სასურველი მოსამართლეები. ვინ უნდა შეარჩიონ, ლომჯარია უნდა შეარჩიონ თუ ვის შეარჩევენ? ვის და ღრმა დაშიფვრის აგენტებს“, – განაცხადა ხოფერიამ.
ამასთან, როგორც ხათუნა ხოფერიამ აღნიშნა, 2013 წელს დასავლეთიდან კომისიების დონეზე ითქვა, რომ არსებულ სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევა, ანუ თავების მოჭრის პრინციპით მოქმედება არ შეიძლება და, შესაბამისად, ისმის კითხვა, რა პრეტენზია აქვთ პარტნიორებს ახლა?
„რა თქმა უნდა, სასამართლოში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი და ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ევოლუციის გზით; ისევე როგორც ადმინისტრაციულ სამართალში მოხდა სპეციალისტების მომზადება, ასეთი ნელი გზით უნდა ვიაროთ, უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და უნდა იყოს ჩემი ქვეყნის პასუხისმგებლობა. არავის არ აქვს უფლება, ასე ნაჯახით მოვიდეს, ნაჯახის პოლიტიკით მისწოროს კანონები და სახლში შემომივარდეს. ეს არის სახლში შემოვარდნა“, – განაცხადა ხოფერიამ.
დასასრულ, ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა ევოლუციური და არა რევოლუციური ცვლილებები.
„ამიტომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს თავისი პროგრამა. მინდა ქართული „ვეტინგი“, ჩემი სახელმწიფოს დაფინანსებული და ჩემი სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისია. კი ბატონო, მოვიწვიოთ სპეციალისტები, მაგრამ ჩემმა სახელმწიფომ გადაუხადოს ფული, გაკეთდეს კურსები და ჩვენი ფულით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. იმათი შერჩეული და გამოგზავნილი აგენტები არ გვინდა, ბატონებო, და არ გავაკეთებინებთ ამას. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და ვერ შეძლებენ ამას. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით, ხელისუფლება ჩვენ გვერდით დგას“, – განაცხადა ხოფერიამ.