ხათუნა ხოფერია - დღეს ბიძინა ივანიშვილის მხრებზე გადის არა მარტო კავკასიაში მშვიდობა, არამედ ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახებში არსებული მშვიდობა და ნორმალური ცხოვრება
ხათუნა ხოფერია - დღეს ბიძინა ივანიშვილის მხრებზე გადის არა მარტო კავკასიაში მშვიდობა, არამედ ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახებში არსებული მშვიდობა და ნორმალური ცხოვრება

სააკაშვილთან დაკავშირებით არავის არსად არაფერი შეცდომა არ დაუშვია და ყველაფერი ხდება კანონის მიხედვით, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მიშას თემა საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც ძალიან მოსაბეზრებელია, რადგან არავის არსად არაფერი შეცდომა არ დაუშვია, შემიძლია, ეს პირდაპირ გითხრათ. ყველაფერი ხდება კანონის მიხედვით და ხდება ისე, როგორც უნდა მომხდარიყო ალბათ ცოტა უფრო ადრე“, – განაცხადა ხოფერიამ.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები.

„რეზოლუციაში არის ბრალდება, რომ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე და არის ვენდეტა მისი მხრიდან. ეს რეზოლუციები მართლა პირველი შემთხვევა ხომ არის, არა? ფაქტობრივად, ყოველგვარი ფაქტების და დადასტურების გარეშე ხდება სერიოზული ბრალდებების წამოყენება. ზოგადად, ჭეშმარიტება არის ფაქტებში, ხოლო როგორც კი ჭეშმარიტება ირღვევა, ფაქტები არ დასტურდება და ეს ყველაფერი რეალობას აცდენილია, საზოგადოებაში ჩნდება შიში, პირველ რიგში – თავისუფლების დაკარგვის შიში. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენ დავკარგოთ ეს შიში. ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა წელიწადზე მეტი ითანამშრომლეს. მიშა იყო აქ პრეზიდენტი, ბიძინა კი – პრემიერ-მინისტრი და ივანიშვილს რომ სხდომოდა, რა, რთული იყო მიშას აქ, ადგილზე დაკავება? ან არაჟანში ბიძინამ ჩასვა? ჩატენა თავისი ხელით და წამოიყვანა საქართველოში, რომ ვენდეტა მოეწყო მისთვის თუ საიდან მოიტანეს ეს ვენდეტა? ზოგადად, ამ ადამიანის მიმართ სანქციების აფოფრილი მცდელობა და გაუთავებლად რაღაცების დაბრალება რა არის? მე მაინტერესებს ერთი სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი, რა დააშავა ბიძინა ივანიშვილმა. შეიძლება, მუდმივად კაკბები, გნოლები და დატყვევებული ხეები იძახო? კარგი, რა! ვინმემ ხომ შეიძლება, თქვას, რომ ამ ადამიანმა თავის ქვეყანას ეს დაუშავა, მაგრამ ასეთი რამ არ არის“, – განაცხადა ხოფერიამ.

როგორც ხოფერიამ აღნიშნა, თავისუფლება ქართველებისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა და ამ თავისუფლებას შიშს ნურავინ შეუქმნის.

„საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ეწერა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ვიყავით? რატომ იმეორებენ იმავეს? არავის მოსანიჭებელი არ გვაქვს ჩვენ არც თავისუფლება და არც სუვერენიტეტი. ჩემმა თაობამ სისხლით მოიპოვა ეს ყველაფერი და ახლა, როდესაც კუბილიუსი გამოდის და მეუბნება, შენ ჩემი წესებით უნდა ითამაშოო, მაპატიეთ, მაგრამ რუსეთის წესებით რომ არ გვინდოდა თამაში, იმიტომ შევაკვდით. იმიტომ აღარ არიან ცოცხლები გია ჭანტურია, ზურაბ ჭავჭავაძე, უამრავი მებრძოლი და შეიძლება ასეთი რამ?“ – განაცხადა ხოფერიამ.

მისივე თქმით, არსებობს აგრესიული გლობალისტური პროექტები, რომლებიც იწერება და შემდეგ ამ პროექტების მორგებას ახდენენ სხვადასხვა სახელმწიფოზე.

„ხომ შეიძლება, ამას გადახედონ და რაღაცნაირად გაითვალისწინონ ეთნოფსიქოლოგია და რეალობა, რომელიც ქვეყანაშია? ამაზე თვალს არავინ დახუჭავს. ხაბეიშვილის, მელიას და სხვების ქუჩაში ტანტალის გულისთვის არავინ შეიზღუდავს იმ თავისუფლებას, რომელიც სისხლით მოვიპოვეთ“, – განაცხადა ხოფერიამ.

ხათუნა ხოფერიამ ასევე განაცხადა, რომ „როგორც აღმოჩნდა, საქართველოსა და ჩვენს რეგიონში მშვიდობა ბიძინა ივანიშვილის მხრებზე დგას“.

„რაღაცნაირად, ისე აღმოჩნდა, რომ დღეს ამ ადამიანის მხრებზე გადის არა მარტო კავკასიაში მშვიდობა, არა მარტო ის, რომ საქართველოში ომი არ იქნება და იქნება მშვიდობიანი გარემო, არამედ ნებისმიერი ჩვენგანის, ჩემი, თქვენი და ყველას ოჯახებში არსებული მშვიდობა და ნორმალური ცხოვრება. ასე აღმოჩნდა, რომ ეს ამ ადამიანის მხრებზე დგას და მინდა, მას გამძლეობა ვუსურვო“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.