ხათუნა ხოფერია - აცტეკები ამოირჩევდნენ საუკეთესოს და ეუბნებოდნენ, შენ კარგი ხარ და ამიტომ მსხვერპლად უნდა შეგწიროთ ღმერთებსო, დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც
ვდგავართ ფაქტის წინაშე, მსხვერპლშეწირვის წინაშე, ბიძინა ივანიშვილს უპირებენ, რომ შესწირონ მსხვერპლად, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მოდით, გავყვეთ ფაქტებს. დეოლიგარქიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭირო არის, რომ იყოს გარკვეული საფუძველი, ხომ? ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ხელისუფლების საქმეებში ჩარევა, ხელისუფლების შანტაჟი, სახელისუფლებო ბერკეტების ფლობა და ა.შ. ავიღოთ მარგველაშვილი, მან ოდესმე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაერია მის საქმეებში? ავიღოთ სალომე ზურაბიშვილი, მან ოდესმე თქვა, რომ თუნდაც შეხვდა ივანიშვილს, ივანიშვილმა რაიმე დაავალა, რაიმეზე უსაყვედურა? გავაგრძელოთ – უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე – მან თქვა, რამე ზეწოლაზე? პირიქით, ეს ადამიანები ამბობენ, რომ არა და არასოდეს! გახარია, რომელიც ოპოზიციაშია, კვირიკაშვილი, რომელიც ასევე ოპოზიციაშია, რომელმა მათგანმა დაასახელა ფაქტი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ხელისუფლების საქმეებში და სახელმწიფო საქმეებში ჩარევის შესახებ?! მე მაინტერესებს, თუ ასეთი ფაქტები არ არის, რა დეოლიგარქიზაციაზეა საერთოდ საუბარი?! არა ჩემო კარგებო, აქ ჩვენ ვდგავართ ერთადერთი ფაქტის წინაშე – მსხვერპლშეწირვის წინაშე ვდგავართ. აცტეკები ხომ იცით, მათ ჰქონდათ ეს წესი. ამოირჩევდნენ საუკეთესოს და ეუბნებოდნენ, შენ არაფერ შუაში ხარ, შენ კარგი ხარ, მაგრამ უნდა შეგწიროთ, ღმერთებს, მსხვერპლადო. დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა ახლა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც. ბიძინა ივანიშვილს მსხვერპლად შეწირვას უპირებენ. მაგრამ რატომ?! ხომ იბადება კითხვა?! იცით, რაში სჭირდებათ, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს, ჩვენ, თქვენ, დაგვანახონ, გვითხრან – ხედავთ, ასეთი ძლიერი, ასეთი გავლენიანი, ასეთი ქველმოქმედი, ასეთი კეთილი ადამიანი, ამდენი სიკეთე რომ აქვს გაკეთებული, ნახეთ, რა ვუქენით, მსხვერპლად შევწირეთ, თქვენ ვინ ხართ, თქვენ უნდა გეშინოდეთ, თქვენ ეს უნდა დაიმახსოვროთ, თქვენ უნდა იყოთ დაჩმორებულები მუდმივად, იმიტომ, რომ ნახეთ, რა ვუქენით ბიძინა ივანიშვილს, თქვენ უარესი მოგელით! მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება ის უმსგავსობა, რაც დღესდღეობით ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.