ხათუნა გოგორიშვილი - „ქართულ ოცნებას“ უნდა, ჩაშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, არ მოგცემთ ამის საბაბს
ფაქტია, თქვენ გინდათ, ჩაშალოთ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი, არ მოგცემთ ამის საბაბს, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
ხათუნა გოგორიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, მაქსიმალურად მოითმინონ და დღევანდელი სხდომის ჩაშლის საშუალება არ მისცენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
„მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, არ გვქონდეს არანირი რეაქცია არანაირ გამოსვლაზე, რომელიც იქნება დღეს, რადგან გასაგებია, რომ ასეთი აგრესიით სხდომის დაწყება ემსახურება ერთადერთ რამეს. დღეს უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა და არ მივცეთ საშუალება, სხდომის ჩაშლის. ძალიან გთხოვთ მაქსიმალურ თმენას, რაც არ უნდა უსამართლო, თუ სამართლიანი სიტყვებიც იყოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ჩაშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, არ მოგცემთ ამის საბაბს“, – მიმართა ხათუნა გოგორიშვილმა უმრავლესობას.