ხათუნა გოგორიშვილი - პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას პრობლემები აქვს, არა მარტო კონსტიტუციის წაკითხვაში, არამედ ელემენტარულ იურიდიულ ნიუანსებში
პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, როგორ ჩანს, სერიოზული პრობლემები აქვს, არა მარტო კონსტიტუციის წაკითხვაში, არამედ ელემენტარულ იურიდიულ ნიუანსებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.
როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
„ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია, ვერც ერთი სხვა კანონი ვერ გახდის პრეზიდენტის ფუნქციად. კონსტიტუციაში არის ზუსტი ჩამონათვალი, ვისი წარდგენის უფლება აქვს პრეზიდენტს და მათ შორის მარეგულირებელის თავმჯდომარის კანდიდატურა არ არის. გუშინ პარლამენტს, რომ კენჭი ეყარა ამ დადგენილებისთვის, ეს იქნებოდა კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. შეკითხვები უნდა იყოს პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან, რომელსაც როგორ ჩანს, სერიოზული პრობლემები აქვს, არა მარტო კონსტიტუციის წაკითხვაში, არამედ ელემენტარულ იურიდიულ ნიუანსებში. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი პლენარულ სხდომამდე მივიდა და კომიტეტებში ვერ მოხდა ანტიკონსტიტუციურობის დადგენა, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონსტიტუციის დარღვევას გუშინ პარლამენტში ადგილი არ ჰქონდა. უნდა წარადგინოს იმან, ვისაც განსაზღვრავს კანონი, ანუ, ახლა უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც სამი მოსმენით მიიღებს პარლამენტი. ამ საკანონმდებლო ცვლილებით წარმდგენი შეიძლება იყოს ნებისმიერი სუბიექტი, გარდა პრემიერისა“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე გუშინ უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა კენჭისყრა გადაიდო, რადგან გაირკვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურა წარედგინა.