ხატია წილოსანი - არაერთ უხერხულ კითხვაზე გავეცით პასუხი თამამად და თავდაჯერებულად, პარტნიორების მხრიდანაც უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა არის ურთიერთპატივისცემის გამომხატველი
ხატია წილოსანი - არაერთ უხერხულ კითხვაზე გავეცით პასუხი თამამად და თავდაჯერებულად, პარტნიორების მხრიდანაც უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა არის ურთიერთპატივისცემის გამომხატველი

რამდენიც არ უნდა ეცადოს მესამე მხარე, დისონანსი, გაურკვევლობა და ურთიერთობების მიმართ კითხვები გააჩინოს, საქართველო და აშშ არიან სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, ერთმანეთის მიმართ უკიდურესი პატივისცემით განმსჭვალული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხატია წილოსანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„კარგი იქნებოდა, ამგვარი საკითხი საერთოდ არ დასმულიყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში და არ ყოფილიყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს, სამწუხაროდ, როგორც ამერიკულ, ისე ქართულ მხარეს უწევს განცხადებების გაკეთება. მნიშვნელოვანია ერთი გარემოების გათვალისწინება, თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკის საელჩო, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი მეტი სიცხადისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს და, პრაქტიკულად, ემიჯნებიან იმას, რასაც ჰქვია უცხოური ლობისტური კომპანიების მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა, ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გაურკვევლობა, კითხვა, რომლიც შეიძლება, არსებობდეს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, დადგეს გაცილებით მაღლა ყველა იმ საკითხზე, ვიდრე არის ამა თუ იმ ვიწროპარტიული ინტერესის გათვალისწინება თუ ერთი კონკრეტული ადამიანის მხრიდან მართული პროცესი და ამ დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებაში თანხების გადახდა“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ლობისტური კომპანიების დაქირავების არაერთი შემთხვევა მოხდა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოხდა ლობისტური კომპანიების დაქირავება და საზოგადოებრივი აზრის მობილიზებისთვის დაიხარჯა მილიონობით ლარი იმის გამო, რომ მსოფლიო დარწმუნებულიყო, როგორი არაეროვნული ხელისუფლება ჰყავს ამ ქვეყანას. თუმცა, ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვნახეთ, რომ წარმოდგენილი ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს და საქართველო, დღევანდელი ხელისუფლება 100 პროცენტით პირნათელია დეზინფორმაციის წინაშე და ყველა თემა, ყველა საკითხი, რომლებიც შეიძლება, რამე ფორმით უკავშირდებოდეს დეზინფორმაციის წარმოებას საქართველოს წინააღმდეგ, არის მთლიანად გაქარწყლებული. პრაქტიკულად, ამის დამადასტურებელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც რეკომენდაციაც კი არ გასცა, სხვაგვარი მიდგომა შემუშავებულიყო თუ არა, ან როგორ უნდა გაკეთებულიყო უკეთესად პროცესების მართვა, ვიდრე  ეს გააკეთა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა. ყველაზე პირველი და მაქსიმალურად აუცილებელი ამ პროცესში არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა ცდილობს, ყველა ადამიანის უფლება იყოს დაცული, მათ შორის, პატიმრებთან მოპყრობის წესი იყოს სათანადოდ დაცული. ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ, ისევე, როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომლის ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილ თანხებს მოჰყვა ის გაურკვევლობები, რომლებზეც დღეს გვიწევს საუბარი, იმყოფება კერძო კლინიკაში, სამედიცინო დაწესებულებაში და ერთი წელია, ცოტა მეტიც, იღებს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს. ამას ამტკიცებს ისიც, რომ მისი ოჯახისა და მხარდამჭერების მხრიდან მობილიზებული ექიმების ჯგუფი, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩართული იყვნენ პროცესში, მათი მხრიდანაც არცერთი რეკომენდაცია არ იქნა გაცემული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან მის მიმართ სხვაგვარი მოპყრობის თაობაზე. ამიტომაც, ვფიქრობ, განმარტებები, რომლებიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტების საქმიანობას, კიდევ ერთხელ უხერხულობებს ქმნის საქართველოსთან მიმართებით. ვიტყოდი, რომ რამდენიც არ უნდა ეცადოს მესამე მხარე, დისონანსი, გაურკვევლობა და ურთიერთობების მიმართ გარკვეული კითხვები გააჩინოს, საქართველო და ამერიკა არიან სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, ერთმანეთის მიმართ უკიდურესი პატივისცემით განმსჭვალული და ძალიან მისასალმებელია ფაქტი, რომ კითხვების დასმის შემთხვევაში საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტიც ბოლომდე სრულად ემიჯნება ნებისმიერ მცდელობას, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს ქვეყნების შორის ურთიერთობების გაფუჭებას“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.

კითხვაზე, რატომ მივიდა საქმე იქამდე, რომ არსებული კითხვები გაჩნდა საჯარო განცხადებების საფუძველი, ხატია წილოსანმა განაცხადა, რომ სწორედ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა კითხვები, ხოლო რაც შეეხება კითხვების საჯაროდ დასმას, წილოსანის თქმით, ამ საკითხზე არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.

„რაც შეეხება კითხვებს, ვფიქრობ, ჩვენ ალბათ ნაკლებად ვართ ადრესატები, რადგან მოგეხსენებათ, ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, FARA-ს დოკუმენტაცია ხდება საჯარო. ყველა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ამ რეესტრის წარმოებასთან, არის საჯარო, ხდება მისი ატვირთვა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ნახოს ინფორმაცია, რა სახის ლობისტური საქმიანობისთვის იქნა გადახდილი გარკვეული თანხები. სწორედ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა კითხვები. რაც შეეხება ამ კითხვების საჯაროდ დასმას და პასუხის მიღებას, მოგეხსენებათ, რომ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. ძალიან ხშირად საქართველოს წინააღმდეგაც ისმოდა გარკვეული დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, რუსული მიზნებისა და რუსული პროპაგანდის მხარდასაჭერად ხდებოდა საქართველოს მიერ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონის მიღება. ამ პროცესებმა გამოკვეთა ერთი მარტივი რამ, რომ გამჭვირვალობა არის ყოველთვის მისასალმებელი და ზუსტად ის მიდგომა, რაც უკავშირდება ამერიკული მხარის დამოკიდებულებას, რომ, ფასიანი მომსახურების მიღების შემთხვევაში, მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცოდნენ სრულყოფილი ინფორმაცია, ვინ, რა ფორმით და რა საკითხში იყო ჩართული ამ მომსახურების მიღებაში, გახდეს საჯარო. რაც შეეხება თვითონ საკითხის საჯაროობას, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე მოხდა ამ საკითხზე კითხვების დასმა, საზოგადოების მხრიდან არის საკმაოდ დიდი ინტერესი. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან უხერხულია, როდესაც ამ შემთხვევაში მხარე, რომელმაც ამ პროცესების წარმართავს შეუწყო ხელი, იქცევა უპასუხისმგებლოდ და ხელს იშვერს საქართველოს ხელისუფლებისკენ, მმართველი გუნდისკენ და ჩვენ გვისვამს კითხვას, რატომ შეიძლება, ამ კითხვაზე პასუხები საჯაროდ იყოს დასმული“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

მისი თქმით, ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება გაუგებრობებს, სახელმწიფოების მხრიდან გარკვეული კითხვების არსებობის შემთხვევაში არის ლეგიტიმური საფუძველი, რომ კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს მიმართაც როდესაც არსებობდა კითხვები, ეხმარებოდა თუ არა ქვეყანა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, ჩვენ ვიყავით ძალიან ღია. კითხვებზე, რომლებიც უკავშირდებოდა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ საომარ მოქმედებებში, ჩვენ ვიყავით ძალიან ღია. ჩვენ არაერთ უხერხულ კითხვაზე გავეცით პასუხი ძალიან თამამად და თავდაჯერებულად. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც მსგავს უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვფიქრობ, არის ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლიანი თანამშრომლობის გამომხატველი და ამაში განსაკუთრებული უცნაურობა ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, თუ მიაქცევთ განცხადებას ყურადღებას, აქ საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკოსებზე, აქ ასევე საუბარი იყო გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. მინდა, ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დასაცავად საგარეო ველზე ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანები და თუკი არსებობს გარკვეული კითხვები, განსხვავებული მოსაზრებები, რომლებიც უკავშირდება ჩვენს პოლიტიკურ პროცესებს, დემოკრატიული პროცესის გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში, ამაზე ვიმუშაოთ ერთად. ნუ გავხვევთ უხერხულობაში ადამიანებს, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, ემსახურონ ქვეყანას და წვლილი შეიტანონ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, ასეთი მიდგომით ალბათ უფრო მარტივი იქნება, ის უხერხულობები, რომლებიც, შესაძლოა, გამოიწვიოს ცალკეული არაკეთილსინდისიერი ქმედებების განხორციელების შედეგად პარტნიორებს შორის ურთიერთობებმა, მაქსიმალურად იქნება მოგვარებული და აღარ გვექნება საჭიროება, რომ ერთმანთს ღია თუ დახურულ ფორმატებში დავუსვათ დახურული კითხვები. სასურველი იქნებოდა, არ გაჩენილიყო მსგავსი კითხვები, მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემა და ლეგიტიმური პოზიციის დაფიქსირება, ვფიქრობ, მეტწილად ამ უხერხულობას ხსნის. არ მინდა, ვინმეს მივანიჭო იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობაა და ძალიან უხერხული იქნება ამაზე საუბარი“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.