ხატია თვაურის მშობლები გოგონასთვის სათანადო მკურნალობის ჩატარებას ითხოვენ
ცხვირის ოპერაციის შემდეგ, კომაში მყოფი 17 წლის გოგონას ოჯახი შვილის სათანადო მკურნალობას და საზღვარგარეთიდან ექიმების მოწვევას ითხოვს.
შესაბამისი მოთხოვნით გოგონას მეგობრები, კლასელები და ოჯახის წევრები ხეჩინაშვილის კლინიკასთან აქციას მართავენ.
გოგონას ახლობლებსა და კლინიკის დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა. ხატია თვაურის ოჯახის წევრები იმ ექიმთან შესვლას ითხოვენ, ვინც გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა.
ამასთან, პაციენტის დედა, თეო სიდამონიძე დამნაშავე ექიმების სათანადო დასჯას ითხოვს.
თეო სიდამონიძის განცხადებით, კლინიკაში მას უთხრეს, რომ მეტი მკურნალობა შეუძლებელი იყო.
„ხატია თვაური 17 წლის სრულიად ჯანმრთელი შემოვიყვანეთ ხეჩინაშვილის კლინიკაში. ექიმების დაუდევრობის გამო ხუთი თვეა, ბავშვი კომატოზურ მდგომარეობაშია. გონება არ ააქვს , ამოძრავებს მხოლოდ თვალებს, ბავშვი არის მძიმე მდგომარეობაში. ამ ეტაპზე ხატია ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება. ყველამ უნდა გაიგოს რაც მოხდა ხეჩინაშვილის კლინიკაში, რათა თავად არ აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში. ეს შემთხვევა უყურადღებობით და ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომის გამო მოხდა. ოპერაციიდან რამდენიმე წუთში ბავშვი პალატაში გაითიშა . ექიმები ამბობენ , რომ გული გაუჩერდა თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს სუნთქვის უკმარისობის გამო მოხდა“, – აცხადებს ხატია თვაურის დედა.