ხატია მოისწრაფიშვილი - საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული იყო
საქართველოს პრეზიდენტის ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე, პრეზიდენტის განცხადებები საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით შეთანხმებული იყო თუ არა პრემიერ-მინისტრთან.
„მინდა, საქართველოს პრეზიდენტის სახელით დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს განცხადება იყო შეთანხმებული პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა ხატია მოისწაფიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის თებერვალში, ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საზღვარი საბოლოოდ უნდა დადგინდეს. „ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, განაახლონ მუშაობა და ეს სამუშაო ბოლომდე მივიყვანოთ. საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი. ნორმალურია, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან, ეს საკითხი ამდენი წლის შემდეგ ბოლოსდაბოლოს დასრულდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.