პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ 63 თანამშრომელზე 436 500 ლარის კომპენსაცია გაიცა
რეორგანიზაციის შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 63 თანამშრომელი გათავისუფლდა და მათზე გაცემულმა კომპენსაციამ ჯამში 436 500 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დრეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კომპენსაციის თემაზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას, ასევე, საკითხის მიმართ სუბიექტური და არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
როგორც ხატია მოსიწრაფიშვილმა განმარტა, 2019 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა 60 ერთეულით განისაზღვრა, რის გამოც, საჭირო გახდა ადმინისტრაციაში მანამდე არსებული შტატების შემცირება.
„17 მარტს დასრულებული რეორგანიზაციის შედეგად, 63 პროფესიული საჯარო მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. არც ერთი მათგანი სამუშაოდ სხვა საჯარო სამსახურში არ გადასულა. კანონის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებული პროფესიული საჯარო მოხელის მიმართ, გაიცემა ფულადი კომპენსაცია ყოველთვიური შრომის ანაზღაურების სამმაგი ოდენობით. 63 თანამშრომელზე გაცემულმა 3 თვის ხელფასმა ჯამში 436 500 ლარი შეადგინა“, – განაცხადა ბრიფინგზე ხატია მოისწრაფიშვილმა.