ხატია მოისწრაფიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა
ხატია მოისწრაფიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა, – ამის შესახებ მოისწრაფიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მოისწრაფიშვილის განცხადებით, წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო, მიზეზად კი პრეზიდენტთან გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.
„გადაწყვეტილება მიღებული მაქვს წასვლასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვარ ბიულეტენზე. რომ მივალ, მას შემდეგ დავწერ განცხადებას. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის, რომ გამათავისუფლეს, არასწორია“,- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერი აღარ არის. მედიასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ირინა შენგელია მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ხატია მოისწრაფიშვილი რჩება ადმინისტრაციაში და კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას.