ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა - თქვენს არჩეულ პრეზიდენტზე ამბობთ, რომ აღარ მოგწონთ, რადგან გაგაკრიტიკათ, ამას უკეთებს ოლიგარქი ადამიანებს, აკარგვინებს თავმოყვარეობას
გგონიათ, ხალხი ვერ ხვდება, რა ცირკი მოაწყეთ, თქვენს არჩეულ პრეზიდენტზე ამბობთ, რომ ახლა აღარ მოგწონთ, რადგან გაგაკრიტიკათ, ამას უკეთებს ოლიგარქი ადამიანებს, აკარგვინებს თავმოყვარეობას, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული მომავალი არ აინტერესებს და აღნიშნა, რომ ყველაზე უფრო საშინელება ის არის, რომ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის ისტორიული მისია.
„შეკითხვები, რომლებიც თქვენ დასვით, არ ემსახურებოდა იმას, რომ თქვენ რეალური ჭეშმარიტება გაგეგოთ. თქვენ, თითოეულ თქვენგანს გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება, რა ცირკი მოაწყეთ დღეს. საერთოდ, საქართველოში ძალიან ბევრ ხელისუფალს ჰქონდა ცდუნება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხალხის სახელით ესაუბრა და ყველა ამ ხელისუფალს შემდეგ ხალხმა ძალიან კარგი და საკადრისი პასუხი გასცა. ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ეს ცდუნება, თქვენც, თითოეულ თქვენგანსაც, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროთ. მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ აქ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ არავის დავალებებს არ ვასრულებთო და შვილებს იფიცებთ, არ ვიცი, შვილებს რას ერჩით, მაგრამ ბატონი მდინარაძე ამბობდა, რომ ჩემს შვილებს გეფიცებით, მე არავის დავალებებს არ ვასრულებო. მე გეტყვით, ვის დავალებას ასრულებთ და ქალბატონ პრეზიდენტსაც მინდა, ეს ვუთხრა, რადგან არ დაასახელა ეს ადამიანი. თქვენ ასრულებთ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს. თქვენ, 80-ვე წევრი ხართ პირადად ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. თქვენ არ გაინტერესებთ არც საქართველოს ევროპული მომავალი, არც ჩვენი შვილების მომავალი, როგორი პრესტიჟი ექნება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობაში, არ გაინტერესებთ სოციალურად დაუცველი ადამიანები. ერთადერთი, რატომაც ეს ადამიანები გაინტერესებთ, რომ წაგლიჯოთ ხმები.
ყველაზე უფრო საშინელება არის ის, რომ თქვენ არ გაინტერესებთ ამ ქვეყნის ისტორიული მისია. უფრო სწორად, თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ამ ქვეყნის ისტორიული მისია. ქართველი ხალხი, როგორც შარშან მარტში არ გაპატიათ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, არც ახლა არ გაპატიებთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ყველა თქვენგანი დაქირავებულია ქართველი ხალხის მიერ. ღარიბაშვილი, მათ შორის მეც და მე არ მიღალატია ჩემი ხალხის ინტერესებისთვის, მაგრამ თქვენ, რისთვისაც არ გიღალატიათ, არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესები. ახლა გამოდიხართ და თეთრზე ამტკიცებთ, რომ შავია, შემდეგ შავზე დაამტკიცებთ, რომ თეთრია და მერე ბიძინა ივანიშვილმა რომ გითხრათ, ადექით, აქედან გადით, ხელები აწიეთ და თქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ან ნებისმიერი ადამიანი არის კარგი, თქვენ ამას გააკეთებთ. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან გიყვართ, არა. იცის ბიძინა ივანიშვილმა, როგორ უნდა შეაკავოს თქვენი ამბიციები. ეს არის ფული. ეს არის კლეპტოკრატია, კორუფცია და ფული, რომელიც თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ და არ გაინტერესებთ, ადამიანები რას ფიქრობენ მართლაც ამ ცირკზე, რაც თქვენ დღეს მოაწყეთ. ცირკზე, რომელზეც იკადრეთ და თქვით, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ევროკავშირი და მოქალაქეების ინტერესები, ჩვენ ვიცით, რომ 100 ხმა არ იქნება პარლამენტში, მაგრამ არაუშავს, მთელ დღეს დავკარგავთ იმის ნაცვლად, რომ ვილაპარაკოთ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე და ასე შემდეგ. ამის მაგივრად, ჩამოდექით და თქვენს არჩეულ პრეზიდენტზე ამბობთ, რომ ახლა აღარ მოგწონთ, რადგან თქვენ გაგაკრიტიკათ. ამას უკეთებს ოლიგარქი ადამიანებს, აკარგვინებს თავმოყვარეობას“, – აღნიშნა დეკანოიძემ.