ხატია დეკანოიძე - ყველაფერს გავაკეთებთ ხმების მაქსიმალურად ჩვენს ყულაბაში ჩასაყრელად, რათა „ქართული ოცნება“ დავტოვოთ 43 პროცენტს მიღმა
ხატია დეკანოიძე - ყველაფერს გავაკეთებთ ხმების მაქსიმალურად ჩვენს ყულაბაში ჩასაყრელად, რათა „ქართული ოცნება“ დავტოვოთ 43 პროცენტს მიღმა

ჩემი ამოცანა არის „ქართული ოცნების“ დამარცხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში კანდიდატების წარდგენის ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია ქუთაისი, განსაკუთრებით ჩვენი გუნდისთვის. იცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ქალაქი დაეკნინებინა. პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, მათ შორის პარლამენტის ყველა წევრისთვის, ვინც ჩაერთო ამ ბრძოლაში, ეს არის რეფერენდუმი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხმების მაქსიმალურად ჩვენს ყულაბაში ჩასაყრელად, რათა „ქართული ოცნება“ დავტოვოთ 43 პროცენტს მიღმა. ეს არის ჩემი ამოცანა, „ქართული ოცნების“ დამარცხება. ჩვენ კოორდინაცია და საუბარი არც „ლელოსთან“ შეგვიწყვეტია. მე პირადად ჩართული ვარ ამ კონსულტაციებში და ნამდვილად არ გვაქვს მათთან საუბრის პრობლება. შესაბამისად, ძირითადად, მერობის კანდიდატები იქნებიან შეთანხმებული და მხარდაჭერილი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.