ხატია დეკანოიძე - თაკო ჩარკვიანის დაფუძნებულ ორგანიზაციაში მოქალაქეები გაერთიანებული არიან იდეით, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არის აუცილებელი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეს.
მისივე თქმით, ქვეყნის სირცხვილია, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დევნილობაში იმყოფება.
„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და მას მიეცეს შესაძლებლობა, მისი პოლიტიკური აქტივი რაც აქვს, პოლიტიკური მსოფლმხედველობა, გეგმა, საქართველოზე წუხილი ადგილზე შეაფასოს ამომრჩეველმა. ის არის დევნილი პრეზიდენტი, რაც არის ქვეყნის სირცხვილი, რადგან არც ერთ ქვეყანაში, ავიღოთ ისრაელის, სხვა ქვეყნების მაგალითი, ასე არ მოქცევიან პრეზიდენტს. რეალურად, ქვეყნის სირცხვილია, როდესაც დევნილობაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება თაკო ჩარკვიანის განცხადებას „საერთო სახალხო მოძრაობის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძის თქმით, ორგანიზაციაში მოქალაქეები გაერთიანებული არიან იდეით, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება არის აუცილებელი.
„ორგანიზაცია არის ადამიანების სამოქალაქო ერთობა და გაერთიანებული არიან იმ იდეით, რომ დიახ, საქართველოს პრეზიდენტის დაბრუნება არის აუცილებელი. დიახ, უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ, ყველა უნდა მოვიქცეთ ძალიან კეთილგონივრულად და ბიძინა ივანიშვილისთვის ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციის მიცემის გარეშე, ის უნდა დაბრუნდეს და სამშობლოში შეაფასოს საკუთარმა ამომრჩეველმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. ჩარკვიანის თქმით, ორგანიზაციის სახელწოდებაა „საერთო სახალხო მოძრაობა“.