ხატია დეკანოიძე - ყოველგვარი შიდა ოპოზიციური პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ, რადგან ასეთი გამწვავებები კიდევ უფრო დააზიანებს საერთო მიზანს
ხატია დეკანოიძე - ყოველგვარი შიდა ოპოზიციური პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ, რადგან ასეთი გამწვავებები კიდევ უფრო დააზიანებს საერთო მიზანს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე დავით კეზერაშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, შიდა ოპოზიციური პოლიტიკური განცხადებები კიდევ უფრო დააზიანებს საერთო მიზანს.

„ეს განცხადება ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ამასთან დაკავშირებით, ახალა ჩემი მხრიდან რაიმე სახის კომენტარი იქნება რეალურად, სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება. ამიტომ იმ მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, რომელიც დღეს ხდება საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, ასევე უკრაინასთან მიმართებაში, თავს შევიკავებ ყოველგვარი შიდა ოპოზიციური პოლიტიკური განცხადებებისგან. ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები და გამწვავებები, კიდევ უფრო დააზიანებს საერთო მიზანს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, კითხვაზე, „არის თუ არა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობისა“ და კეზერაშვილის საერთო ინტერესია“, დეკანოიძე პასუხობს:

„ეს ინტერესი აქვს საქართველო მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს. არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, არამედ ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ მითითებულია ბიძინა ივანიშვილი, როგორც ძალიან დიდი საფრთხე, ოლიგარქი საქართველოს და უკრაინის უსაფრთხოების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული თავისი საქმიანობით. მიტაცებული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნიშანდობლივი გამოხატულება არის ოლიგარქია და კლეპტოკრატია. ჩვენ რაც არ უნდა სხვადასხვა ვექტორებით ვიყოთ, რაც არ უნდა სხვადასხვა ვექტორებით ვიაროთ, რაც არ უნდა სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგია გვქონდეს მმართველ პოლიტიკურ ძალასთან, ვერსად წაუვალთ იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განუზომელი ძალაუფლებით. ივანიშვილის დანიშნულია ყველა მინისტრი და მის უშუალო სამსახურშია მმართველი გუნდი“.

დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება დღეს გაავრცელა:  „არასოდეს ჩავრეულვარ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში, არ მაქვს უფლება, მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას“.