ხატია დეკანოიძე - წალენჯიხა არის ერთადერთი ოპოზიციური ქალაქი და ამითაა განპირობებული ხელისუფლების შეტევა
ხელისუფლების შეტევა განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ წალენჯიხა არის ერთადერთი ოპოზიციური ქალაქი, ადგილობრივი არჩევნები მოიგო მერმა ოპოზიციიდან, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ყველა მასთან კრიტიკულად განწყობილს უპირისპირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არავითარი უფლება არ აქვს, ისაუბროს პოლიტიკურ ზეწოლაზე და პოლიტიკური მსოფლმხედველობის ან იდეოლოგიის მიხედვით თანამშრომლების გათავისუფლებაზე.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გუშინ გააკეთეს განცხადება, თითქოს წალენჯიხაში ხდება რაიმე სახის პოლიტიკური ზეწოლა და პოლიტიკური მსოფლმხედველობის ან იდეოლოგიის მიხედვით თანამშრომლების გათავისუფლება. „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ მორალური, არამედ არავითარი უფლება არ აქვს, ისაუბროს ამაზე, რადგან ბიუროკრატიის გაბერვა, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება მათი აქტივისტების მხრიდან ხდება ძალიან აქტიურად და ეს ხდება რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, არჩევნების წინ მასწავლებლებსა და ბაღის მასწავლებლებზე როგორ მიმდინარეობდა ზეწოლა და როგორ იყენებდნენ ადგილობრივ მასწავლებლებს და ზოგადად იმ ადამიანებს, ვინც უნდა იყოს დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი.
ჩვენ ძალიან მალე გვექნება კვლევა, როგორ იყენებს საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის ბიუჯეტით როგორ ბერავს შტატებს, რომ მათი აქტივი დასაქმდეს. მინდა, გითხრათ, რომ ხელისუფლების შეტევა განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ წალენჯიხა არის ერთადერთი ოპოზიციური ქალაქი, მერი, რომელმაც მოიგო ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციიდან, შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ისევე როგორც ყველა მასთან კრიტიკულად განწყობილს, უპირისპირდება. მე ვერავითარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ ვხედავ. პირიქით, ის ხარჯები, რომლებიც გამოთავისუფლდება, უნდა იყოს მომართული ბაღებისა და საჯარო სკოლებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.