ხატია დეკანოიძე - ვთავაზობთ პარლამენტს „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სკოლის დირექტორების არჩევის პროცესში სამეურვეო საბჭოს როლი ფართოვდება
ხატია დეკანოიძე - ვთავაზობთ პარლამენტს „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სკოლის დირექტორების არჩევის პროცესში სამეურვეო საბჭოს როლი ფართოვდება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს აინიცირებს.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიხედვით, გაფართოვდება სკოლის სამეურვეო საბჭოს როლი, რაც გამოიხატება მათი ფუნქციების გაფართოებაში დირექტორის არჩევისას.

დეპუტატის თქმით, დღეს მოქმედი რედაქციით, სამეურვეო საბჭოები სკოლის დირექტორთა არჩევისას ფორმალურ როლს ასრულებენ.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დარეგისტრირდება პროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ, რომლითაც სკოლის დირექტორებს, მათ მოადგილეებსა და მასწავლებლებს შეეზღუდებათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლებას.

„განათლების სამინისტრომ დაახლოებით 900 სკოლაში წარადგინა დირექტორობის კანდიდატები, ყველა სკოლაში იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტრო ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ რიგებში. გარდა ამისა, იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა დირექტორებზე, ადამიანებზე, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, არ მიეკუთვნებიან „ქართული ოცნების“ ნომენკლატურას. ამას გარდა, სერიოზული შანტაჟი იყო სამეურვეო საბჭოებზე. ვნახეთ, რომ რამდენიმემ არ დააკმაყოფილა განათლების სამინისტროს ის მოთხოვნა, რაც გულისხმობდა იმ კანდიდატების დანიშვნასა და არჩევას, რომლებიც წარდგენილი იყო ხელისუფლების მიერ. ეს არის არჩევნებზე ზეწოლის მოხდენის ძალიან სერიოზული და ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანი მაგალითი, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს სკოლებში. ეს არის საწინააღმდეგო მაგალითი იმისა, თუ რა ეწერა ეუთო-ს დასკვნაში.

ჩვენ ვაინიცირებთ ცვლილებებს კანონმდებლობაში, თუმცა გვესმის ისიც, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობა არის თავიდან ბოლომდე დასახვეწი. ზოგადი განათლება არის ის პრობლემა, რომელიც თუ არ მოგვარდება, საქართველო იქნება უმძიმეს მდგომარეობაში. მაგრამ ამ ორი სასწრაფო ცვლილებით, ვფიქრობ, შესაძლებელია, გადავარჩინოთ ადამიანები ზეწოლას. პირველი ცვლილება ეხება ზოგადი განათლების შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც, ფართოვდება სკოლის სამეურვეო საბჭოს როლი, რაც გამოიხატება მათი ფუნქციების გაფართოებაში დირექტორის არჩევისას. სამურვეო საბჭო თუ დაბლოკავს კონკურსში წარდგენილ კანდიდატს, მაშინ განათლების სამინისტროს აღარ ექნება უფლებამოსილება, რომ ეს კანდიდატი მეორედ წარადგინოს; მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა შევიდეს საარჩევნო კოდექსში. ალბათ როცა თავის დროზე რეკომენდაციების შესრულებაზე იყო საუბარი, მაშინ უნდა შესრულებულიყო, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და მათი მოადგილეები აღარ უნდა იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.