ხატია დეკანოიძე - ვისურვებდი, აქციები ყოფილიყო უფრო ერთიანი, მძლავრი, თუნდაც ერთ ლოკაციაზე, ჩვენს პარტიაში ნებისმიერი სახის რყევები მმართველი პარტიის ინტერესშია
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გუშინ აქციებზე ვერ ვიყავი. მე მივიდოდი და მივალ ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სიცოცხლის გადარჩენაზე იქნება საუბარი, – ამის შესახებ „ნციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ისურვებდა, აქციები ყოფილიყო უფრო ერთიანი, ყოფილიყო მძლავრი, თუნდაც ერთ ლოკაციაზე. ხატია დეკანოიძის განცხადებით, დასახული ამოცანების მისაღწევად, პარტიაში ერთიანობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და იმედი აქვს, არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებული იმპულსით იქნება წარმოდგენილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენს პარტიაში ნებისმიერი სახის რყევები მმართველი პარტიის ინტერესშია. ამიტომ არავითარ დაშლაზე საუბარი არ არის. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება გაცილებით სხვა მოწოდების სიმაღლეზე და უფრო მაღალი ხარისხით და შემართებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის ერთიანობა და პარტიის სხვა ხარისხი. ჩვენი პარტიის სხვა ხარისხში მიქმედება და ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ჩვენი პარტია არ იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომელზეც უნდა იყოს და, მათ შორის, ერთიანობა არ იქნება შენარჩუნებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაახარებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა და დიდი პოლიტიკური ამოცანები გაქვს წინ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ, ასევე, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ. შესაბამისად, ნებისმიერი დანაწევრება ცუდია. ვიმედოვნებ, ეს დროებითია და ყველაფერი გადაივლის. განცალკევება პარტიას აზიანებს. ორივე გუნდში არიან ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები. დიდი იმედი მაქვს, ამ არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება განსაკუთრებული ხარისხით და იმპულსით წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფრონტის დასუსტება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა მხარდამჭერებმა გუშინ ქვეყნის სხვადასხვა ადგილას გამართეს აქცია სახელწოდებით „გადავარჩინოთ მიშა“. აქციების გამართვის ადგილმა პარტიაში დაპირისპირება გამოიწვია. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „სააკაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებოდნენ 4 იანვარს, 18:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან და შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან“. პარტიაში კი განმარტეს, რომ სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს მშვიდობის ხიდზე გაიმართებოდა, ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნებოდა არა ორი, არამედ – რვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფრთა, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობდა, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო შეკრებილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი ზუგდიდში ჩატარებულ აქციაზე იმყოფებოდა.