ხატია დეკანოიძე - უკრაინამ ყველას დაანახა, რომ იბრძვის არა მხოლოდ თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის, პუტინის პოლიტიკური საფლავი აუცილებლად უკრაინაში იქნება
ხატია დეკანოიძე - უკრაინამ ყველას დაანახა, რომ იბრძვის არა მხოლოდ თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის, პუტინის პოლიტიკური საფლავი აუცილებლად უკრაინაში იქნება

უკრაინა იქნება თავისუფალი ქვეყანა საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბელორუსთან ერთად და ეს შედეგი უახლოეს პერიოდში დადგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა გადაიქცა ყველას შთაგონების წყაროდ, გააერთიანა მსოფლიო და ყველას დაანახა, რომ იბრძვის არა მხოლოდ თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„უკრაინა ყველას შთაგონების წყაროდ გადაიქცა, გააერთიანა მსოფლიო და ყველას დაანახა, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ იბრძვიან ევროპის უსაფრთხოებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არ სურს უკან – რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში. ეს არის ადამიანებისთვის უდიდესი რწმენის დაბრუნება, რადგან უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და პუტინის პოლიტიკური საფლავი აუცილებლად იქნება უკრაინაში. ეს არის ის, რაც მე მჯერა, რისიც მწამს და რაც უკრაიანამ მთელ მსოფლიოს დაანახა. უკრაინა იქნება თავისუფალი ქვეყანა საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბელორუსთან ერთად და ეს შედეგი უახლოეს პერიოდში დადგება“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, რამდენიმე საათის წინ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გააკეთა განაცხადება, რომ ახალი დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინაში ძალიან მალე ჩავა, სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას გარდატეხას მოახდენს.

„ეს არის იმის დასტური, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა და ევროკავშირმა თქვეს – იქნებიან უკრაინასთან იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ძალიან მალე გაიმარჯვებს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან მძიმე პროპაგანდისტული ხაზი გაატარა.

„საქართველოს ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, დააშინა საკუთარი მოქალაქეები და უთხრა, რომ ჩვენ თუ რუსეთთან კეკლუცის პოლიტიკა არ გვექნება, მაშინ ჩვენთან ომი იქნება. ეს არის სრულიად მცდარი იმ პირობებში, როდესაც რუსეთი არის დასუსტებული და უკრაინაში ამხელა სამხედრო ძალის გადასროლის მიუხედავად, ისინი ვერავითარ წინსვლას ვერ ახერხებენ. მეტსაც გეტყვით, ძალიან მალე სამხრეთის ფრონტის მიმართულებით უდიდესი გარღვევა იქნება. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ უკრაინა და საქართველო განუყოფლები არიან. ჩვენ ჩვენი მომავლით ვართ განუყოფლები. საქართველოს უნდა ჰქონოდა არა მხოლოდ ძალიან ზერელე სოლიდარობა, არამედ უკრაინისა და საქართველოს პარტნიორობა უნდა ყოფილიყო იმდენად გადაბმული, რომ განცალკევება არ მომხდარიყო. საქართველო, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, უკრაინასთან ერთად ყველაზე ხმაურიანი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. პუტინს არ აქვს იმის ძალა, საქართველოს ან რომელიმე ქვეყანას დაუპირისპირდეს. ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, მაგრამ ივანიშვილის ხელისფლებამ გადაწყვიტა, რომ პუტინის საფარქვეშ ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.