ხატია დეკანოიძე - სტატუსის მიღება გეოპოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის საკითხია, დიდი მსხვერპლი გავიღეთ ამ არჩევანისთვის, ჩვენი ადგილი იყო ევროკავშირში და ამ ადგილზე ვბრუნდებით
ხატია დეკანოიძე - სტატუსის მიღება გეოპოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის საკითხია, დიდი მსხვერპლი გავიღეთ ამ არჩევანისთვის, ჩვენი ადგილი იყო ევროკავშირში და ამ ადგილზე ვბრუნდებით

დიდი იმედი მაქვს, დღეს ან ხვალ ძალიან სასიხარულო ამბით შევხვდებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის ფორმალიზებას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გვაცილებს ამ მონსტრს და რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჩაყლაპოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის სტატუსის მიღება გეოპოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის საკითხია.

„არ მგონია, რაიმე ხელისშემშლელი ჰქონდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას. უნგრეთის უკრაინის მიმართ წინააღმდეგობის გარდა, რომელიც, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, გუშინ ალბათ გადაილახა. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის, წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ და დაცილება რუსეთთან, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.

საქართველოსთვის სტატუსის მიღება გეოპოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის საკითხია. პირველ რიგში, ეს არის შორს რუსეთისგან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გვაცილებს ამ მართლაც მონსტრს, რომელსაც, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჩაყლაპოს. ჩვენ ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ ამ არჩევანისთვის. ჩვენი ისტორიული ადგილი იყო ევროკავშირში და ამ ადგილზე ვბრუნდებით.

მე საუკეთესო მემეტება ჩემი სამშობლოსთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. „ქართული ოცნება“ რომ იყოს სრულად პროდასავლური და დემოკრატიული ხელისუფლება, ახლა ჩვენ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს გავხსნიდით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.