ხატია დეკანოიძე - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს, რომ ის უკვე გარიყული და იზოლირებულია, როგორც დამნაშავე და გენოციდის მომწყობი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს, რომ ის უკვე გარიყული და იზოლირებულია, როგორც დამნაშავე და გენოციდის მომწყობი.
დეკანოიძის თქმით, ნებისმიერი რუსული გავლენა ნებისმიერ სახელმწიფოში არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის მიერ დამტკიცებული, როგორც დანაშაულის ფაქტი.
„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის წინააღმდეგ ისტორიული გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, დამტკიცდა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საერთაშორისო სამართალი მუშაობს. პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს, რომ ის უკვე გარიყული და იზოლირებულია, როგორც დამნაშავე და გენოციდის მომწყობი, მათ შორის, უკრაინელი ბავშვებისთვის. ეს ასევე ნიშნავს, რომ ახალი ლეგიტიმაცია და ახალი სამართლებრივი შეფასება ეძლევა, მათ შორის, ყველა იმ მიმართულებას, რომელიც რუსეთმა უკრაინაში, და არა მხოლოდ უკრაინაში, ჩაიდინა. ეს არის ტერორისტული აქტები, გენოციდი და სხვა. მე, ასევე, საინტერესოდ მეჩვენება ჩინეთის მიმართ, როგორც შემაკავებელ და გამაფრთხილებელ გზავნილად, დასავლეთის მიერ. რაც მთავარია, უკრაინის გამარჯვებას წინ ვეღარაფერი დაუდგება, რადგან იარაღის მიწოდებასთან და შეფერხებასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი აღმოიფხვრა. ნებისმიერი რუსული გავლენა ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის, მინდა, ვუთხრა „ქართულ ოცნებასაც“, არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის მიერ დამტკიცებული, როგორც დანაშაულის ფაქტი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.