ხატია დეკანოიძე - მთელი კონცეტრაცია ახლა უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, პარტიაში არც თუ ისე სასიამოვნო პროცესები არის ამ თემიდან მოცილების ერთ-ერთი წინაპირობა
ხატია დეკანოიძე - მთელი კონცეტრაცია ახლა უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, პარტიაში არც თუ ისე სასიამოვნო პროცესები არის ამ თემიდან მოცილების ერთ-ერთი წინაპირობა

მთელი კონცეტრაცია ახლა უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, ყურადღების გადატანა და პარტიაში არც თუ ისე სასიამოვნო პროცესების განვითარება არის ამ თემიდან მოცილების ერთ-ერთი წინაპირობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი პარტიას არ აძლიერებს.

„ჩემი მეგობრების მსგავსად, ოპტიმისტურად განწყობილი არ ვიქნები, ორივე მხარეს ვგულისხმობ, სადაც ჩემი მეგობრები არიან. ეს პროცესი პარტიას არ აძლიერებს. პროცესი თუ წარიმართება დემოკრატიულად, მათ შორის იმ სტანდარტებით, რომელიც ყველა ჩვენგანს სურს, რატომაც არა, ამან შეიძლება პარტიის გაძლიერებას შეუწყოს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაქსაქსვა პარტიის დამაზიანებელი იქნება. მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოვინახულე. პარტიულ პროცესებზე არ გვისაუბრია, ის ისეთ მდგომარეობაში არ არის, რომ ამაზე ვესაუბრო. ჩემი შთაბეჭდილება ძალიან მძიმე იყო და მიზანშეწონილად არ ჩავთვალე, რომ პარტიის პროცესებზე კომენტარი გამეკეთებინა. რაც შეეხება დაანონსებულ აქციას, როცა სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა და შუამდგომლობა უნდა შევიდეს, მიმაჩნია, რომ რაღაცნაირი აქტიურობა შეიძლება, დამაზიანებელი იყოს, რადგან მისი პოზიცია ვიცით. ახლა მთელი ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, როდის შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობა, თორემ, სადაც იქნება სააკაშვილის უფლებებზე საუბარი, მეც მივალ. ყველას გვევალება, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება დავასრულოთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.