ხატია დეკანოიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა - პოლარიზაციის დაწევა თუ გსურთ, მაშინ არ შეიძლება, ყოფილი პრეზიდენტი გვყავდეს ციხეში
მადლობა ჩვენს კოლეგებს ანგარიშის მომზადებისთვის, რომელიც იძლევა სრულ სურათს იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რაც საქართევლოში არსებობს, რასაც ჩვენ ვაცნობიერებთ და ჩვენი კოლეგები ნამდვილად ვერა, არის ის, რომ ქართველები იზიარებენ იმ ღირებულებებსა და მისწრაფებებს, რომელსაც ყველა ჩვენგანი წარმოადგენს ამ ორგანიზაციაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს საზოგადოებაში ევროატლანტიკური ამბიციები მკაფიოა. ასევე ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს 20%-ი ოკუპირებულია და იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან ყოველდღე. რუსეთის მთავრობის სტრატეგია საქართველოს მიმართებით არის ქვეყნის დესტაბილიზაცია და დისფუნქციური პოლიტიკური გარემოს შექმნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრულად ფუნქციონალური დემოკრატიის მიღწევის გზაზე დაბრკოლებები შეექმნას. ეს წლებია, გრძელდება.
როდესაც ვსაუბრობ პოლარიზაციაზე, სრულად ვეთანხმები კოლეგებს, რომ ქვეყანაში ძალიან დიდი პოლარიზაციაა, თუმცა ამავე დროს ხაზი უნდა გავუსვა რამდენიმე საკითხს. თუ გსურთ პოლარიზაციის დაწევა, მაშინ არ შეიძლება, ყოფილი პრეზიდენტი გვყავდეს ციხეში. ჩვენ ვერ გვექნება საქართველოში პოლიტიკური პატიმრობა და ვერ გვექნება ოლიგარქიული სისტემა, რომელიც ჩრდილს აყენებს საქართველოს. მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს აფრთხილებდა სამყაროს, რომ უკრაინა და ევროპა სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა, ახლა ციხეშია. მოგიწოდებთ და გთხოვთ, ჩაერთოთ ამ საქმეში, როგორც ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, რომ პრობლემიდან ჰუმანიტარული გამოსავალი მოიძებნოს, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება სერიოზულად. ჩვენ შეგვიძლია სიტუაციის დეპოლარიზაცია, როდესაც არ გვეყოლება პოლიტიკური პატიმრები“,- განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, საქართველო არამარტო გარე საფრთხეების წინაშე დგას, არამედ, დეკანოიძის თქმით, ქვეყანაში შიდა საფრთხეებიც არსებობს.
„როდესაც ვსაუბრობთ გამოწვევებზე, საქართველო დგას არა მხოლოდ გარედან მომავალი საფრთხეების წინაშე, არამედ არსებობს შიდა საფრთხეებიც. დიახ, პოლიტიზებული სამართალი, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მმართველი პარტიის შერწყმა. ეს მე თავად ვნახე არჩევნების დროს, როდესაც ვიყავი კანდიდატი, სამწუხაროდ და საბედნიეროდაც.
ეს თვე ისტორიული იყო საქართველოსთვის, რადგან ჩემმა ქვეყანამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს გავაკეთეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის ოცნებაა, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, რომ გავთავისუფლდეთ ოლიგარქიისგან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ევროპულ ქვეყანაში, არის ნომერ პირველი გამოწვევა და პრობლემა. ესაა პრობლემა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.
და ბოლოს, ვიცი, რომ დარბაზში არიან უკრაინელი კოლეგები. მინდა, ვუთხრა მათ, რომ ჩვენი მთავრობის უკრაინისადმი პოზიციის მიუხედავად, ქართველი ხალხი უკრაინლების ტკივილს საკუთარ ტკივილად განიხილავს. საქართველოს პარლამენტმა არ მისცა უფლება პრეზიდენტ ზელენსკის, მიმართვით გამოსულიყო, მაგრამ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას და თქვენი ტკივილი ჩვენი ტკივილია, თქვენი ევროპული მომავალი ჩვენი ევროპული მომავალია“,- განაცხადა დეკანოიძემ.