ხატია დეკანოიძე - საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება
ტერმინი „უკრაინიზაცია“ არ არის ახალი. სხვათა შორის, 30-იან წლებში ეს ტერმინი გამოიყენეს ბოლშევიკებმა, როდესაც მასობრივად დაიწყეს თავიანთი ხალხის ჩანერგვა. ამდენად, ტრადიციულად, გამართლებულია თქვენი მხრიდან „უკრაინიზაციის“ გამოყენება, – ასე მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების შთაბეჭდილებების შესახებ.
„ანგარიშში საქართველოს მომხსენებლები ამბობენ, რომ საქართველო არის გზაგასაყარზე ევროინტეგრაციასთან მიმართებით. მომხსენებლები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტზე, რომ რეფორმებისა და ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოში შეჩერებულია. არის სერიოზული მასშტაბური შეტევა საქართველოს სამოქალაქო სექტორზე, რომელიც ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ევროინტეგრაციის გზაზე და ყველა შეტევა, მათ შორის „გაშავების“ კამპანია, რომელიც წამოწყებულია, უნდა იყოს გამოძიებული ობიექტურად. შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, რომლის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონმდებლობაზე ვენეციის კომისიამ ძალიან კონკრეტულად გიპასუხათ, რომ შეშფოთებას გამოხატავენ კორპორატივიზმზე, კლანიზმზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებაზე, რომ სასამართლო არ არის სისტემური რეფორმების გზაზე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხსენებლები დეოლიგარქიზაციის პრობლემას უსვამენ ხაზს, ამბობენ რა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში, არის რეპრესიებისთვის, სტიგმატიზაციას უწყობს ხელს კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით და შეიძლება, გამოყენებული იქნეს ამ ადამიანების წინააღმდეგ. დეოლიგარქიზაცია არის სისტემური რეფორმა და მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციის შესაბამისად მოხდეს დეოლიგარქიზაცია. დაბოლოს, საქართველოს მომხსენებლები გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ თავისუფალი სასამართლო, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება არის ყველაზე უმაღლესი უფლება, რაც უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მესამე პრეზიდენტს. მას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა ექიმებმა მოინახულონ და უმკურნალონ. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება და არა – „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.