ხატია დეკანოიძე - საპარლამენტო ოპოზიციას ჩვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების საშუალება უნდა მოგვეცეს
ხატია დეკანოიძე - საპარლამენტო ოპოზიციას ჩვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების საშუალება უნდა მოგვეცეს

ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის ის სქემები, რომელზეც „ბიბისის“ გამოძიება ჰქონდა და საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტები იყო, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მფარველობის გარეშე არ იქნებოდა, ამიტომ ასეთი საგამოძიებო კომისიის მიერ ეფექტური საპარლამენტო მექანიზმით სქემების დადგენა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ობიექტური გამოძიება და პროკურატურა.

„ბოლოს როდის გახსოვთ, რომ პროკურორი პარლამენტში მოსულა და წარუდგენია ანგარიში ან კონკრეტულ კითხვებზე პასუხი გაუცია? კარგი იქნება ასეთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაც გასაგებია. მათ არ სურთ, მათი ჩართულობის შესახებ საზოგადოებამ გაიგოს. მე მხარს დავუჭერ და ვფიქრობ, ოპოზიციაში ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო გადაიქცა ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულის სერიოზულ კერად. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა. ძალიან მნიშვნელოვანი შესასრულებელი მექანიზმია, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, ეს ეხება ასოცირების შეთანხმებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას გაეცეს პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც აქვს. ამხელა სქემები და ჰაბი არსებობს, რომელიც არის ტრანსნაციონალური დანაშაულის და ამ საკითხზე კონკრეტული პასუხები უნდა მოვისმინოთ. აქამდე კონკრეტული პასუხები ვერცერთ საკითხზე ვერ მოვისმინეთ. მათ შორის, „ევროჯასტთან“ და „ინტერპოლთან“ თანამშრომლობის კონტექსტში რა საკითხებია გავლილი. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მფარველობდნენ და ვინც ახორციელებდნენ კონკრეტულად ამ დანაშაულის სქემების აწყობას? ის ინტერესი, რომელიც საზოგადოებაშია, შესაძლებელია – და მართებული იქნებოდა – დაედოს საფუძვლად სწორედ ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნას. პარლამენტში საგამოძიებო კომისიები უნდა იქმნებოდეს. ყველა საგამოძიებო კომისია უნდა გაცოცხლდეს, მათ შორის კარგი იქნება, თუ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ საგამოძიებო კომისიას კოლეგები მხარს დაუჭერენ, მათ შორის გახარიას პარტია და ყველა ის ადამიანი, რომელიც ოპოზიციაშია. ასევე, 5 ივლისის და მუხთარლის საქმეზეც უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია. საპარლამენტო ოპოზიციას ჩვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების საშუალება უნდა მოგვეცეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.