ხატია დეკანოიძე - საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე
საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არავითარი სტრატეგია არ აქვს და არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, საქართველოს არცერთი მოქალაქის უფლება დაცული არ არის და ყველა მოქალაქის სიკვდილზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. პრაქტიკულად, პუტინს გადაწყვეტილი აქვს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ ერთი გენოციდი მოაწყოს. მიუხედავად იმისა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არსებობს, რომლის მიხედვით, არა მხოლოდ სანქციები და სასჯელები უნდა დაეკისროს იმ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ ყველაფერზე, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გაატაროს, თვე არ გავა, საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან არ მოკლან. საქართველოს ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის. ამ კუთხით ხელისუფლებას არავითარი სტრატეგია არ აქვს. დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაა და ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ვაპირებ. უნდა მივიღოთ კიდევ ერთი რეზოლუცია. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, უფრო სერიოზული ნაბიჯები გაატაროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სუს-ში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.