ხატია დეკანოიძე - სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება არის ხელისუფლების დაკვეთა
სასამართლოს გადაწყვეტილება არის ხელისუფლების დაკვეთა, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის ეპიზოდში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დეკანოიძის თქმით, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება.
„ეს იყო ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის, როდესაც ასამართლებს ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს და უსჯის მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებისთვის, რასაკვირველია, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ხელისუფლებისთვის და აზიანებს ქვეყნის იმიჯს. რეალურად მეტის იმედი მოსამართლე არევაძისგან არ მქონდა. სასამართლო ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას, ივანიშვილის დაკვეთას, რაც სამწუხაროდ არის ჩვენი ქვეყნის განვითათებისთვის ცუდი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.
„მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.