ხატია დეკანოიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თქვა, რომ კარგი იქნება, ყველა პარტია იყოს 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსთან შეხვედრაზე ისაუბრა ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხზე, ასევე პოლარიზებულ საარჩევნო გარემოზე.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 19 აპრილის შეთანხმებას, ოკუპაციის თემას, საქართველოში დემოკრატიას და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„სამწუხაროდ, შეხვედრის ყველა დეტალის გარეთ გამოტანა არ შემიძლია, მაგრამ ძირითადი საკითხი, რაზეც ვისაუბრე იყო ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქმის კურსშია, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა, ახლა მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია ოპოზიციისა და მედიის მიმართ. ვისაუბრეთ პოლარიზებულ საარჩევნო გარემოზე. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, მათ შორის კოალიციურ შეთანხმებაზე. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე და რუსეთის მხრიდან კვლავ გრძელდება შეთანხმების შეუსრულებლობა. ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა ხდება, ჩვენ ამ შეთანხმების ნაწილი არ ვართ, მაგრამ საუბარი იყო იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, ყველა პარტია იყოს შეთანხმების ნაწილი, რომ 43 ნიშნულს საფრთხე არ დაემუქროს. ეს იყო ზოგადი საუბარი. ხანგრძლივი საუბარი ეხებოდა საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობას. მათი მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ და რა – ხელისუფლებამ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე განმარტებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, ყველა ოპოზიციური პარტია იყოს 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი.
„თქვა, რომ კარგი იქნება, ყველა ოპოზიციური პარტია იყოს ამ შეთანხმების ნაწილი. ეს არაერთხელ მოგვისმენია. ჩვენი პოზიცია იცის საზოგადოებამ. ამნისტიის პოლიტიკური დათქმა არის ნიკა მელიას წინააღმდეგ. რატომ გააკეთა ეს „ქართულმა ოცნებამ“, მან იცის ეს არგუმენტი. მნიშვნელოვანია, 43 პროცენტს საფრთხე არ დაემუქროს. ჩვენი მხრიდან ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და ძალადობაზე იყო ხაზგასმული“, – განაცხადა ხატია დეკანოძემ.