ხატია დეკანოიძე - „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად დღემდე ვერ წარმოუდგინა კონკრეტული პროცესი, გრძელდება ანტიდასავლური ისტერია
სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველის პირობებში არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური, პროდასავლური კურსი დადგა ეჭვქვეშ, რაც ყოველდღიურად დასტურდება ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმითა და რუსული გავლენების ინფილტრაციით ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შესასრულებლად დააყენა საგანგებო სხდომის ინიციატივა, თუმცა დეკანოიძის განცხადებით, მმართველმა ძალამ თავადვე ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო საქმიანობას.
„ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების უმნიშვნელოვანესი მიზანი არის საქართველოში ინსტიტუტების სტაბილურობა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას. არაფორმალური გავლენების შემცირებას პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, საარჩევნო რეფორმას და ქვეყნის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის აქტიურ, ექვსთვიან პერიოდს, რომელიც საბოლოოდ უნდა დასრულდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოსთვის. სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველის პირობებში არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური, პროდასავლური კურსი დადგა ეჭვქვეშ, რაც ყოველდღიურად დასტურდება ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმითა და რუსული გავლენების ინფილტრაციით ჩვენს ქვეყანაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისევე როგორც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა რეკომენდაციების დაუყოვნებლივ შესასრულებლად დააყენეს საგანგებო სხდომის ინიციატივა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. მმართველმა ძალამ თავადვე ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო საქმიანობას. საგანგებო სხდომაზე უნდა განხილულიყო სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პარტიების მიერ მომზადებული ინიციატივები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია 12 რეკომენდაციის დაუყოვნებლივ შესრულებისთვის. კომიტეტები და სესიები, როგორც საგანგებო საკანონმდებლო სადისკუსიო ადგილი იყო და რჩება საკანონმდებლო მუშაობის მთავარ ადგილად არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. „ოცნება“ უარს ამბობს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზეც, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხატის დეკანოიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ აირჩია საპირისპირო – დახურული ფორმატი, რეგლამენტის გარეშე, მმართველ ძალაზე მორგებული არაფორმალური ჯგუფები, რომელშიც ვერ ხვდება სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაწილი“.
„ნაციონალურ მოძრაობას“, კერძოდ ჩვენს ფრაქციას არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია და ამ პოზიციას ვიმეორებთ კვლავ: საკანონმდებლო მუშაობა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად უნდა იყოს საჯარო, რეგლამენტის ფარგლებში, კომიტეტებში და სასესიო დარბაზში, სადაც გათვალისწინებული იქნება გადაწყვეტილების მიღების ღია პროცედურა. „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციის შესასრულებლად მხოლოდ იმიტაციურ პროცესს ადასტურებს უმრავლესობის განცხადება, რომ ისინი მზად არიან, შეცვალონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რომელიც მიშელის შეთანხმების ნაწილია და 2/3 ხმებით არჩევას გულისხმობს. მმართველი ძალის ინტერესშია არა საარჩევნო რეფორმა, როგორც ამას ევროკავშირის რეკომენდაციები გულისხმობს, არამედ არჩევნების ოლიგარქიული სისტემით ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად გამოყენება. დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ვერ წარმოუდგინა კონკრეტული პროცესი. უფრო მეტი, გრძელდება ანტიდასავლური ისტერია და რუსეთის ფართომასშტაბიანი ინფილტრაცია. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ განაგრძობს ჩვენს პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ მუშაობას 12 პუნქტის შესასრულებლად“, – განაცხადა დეკანოიძემ.