ხატია დეკანოიძე - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, დანილოვის განცხადებას ამოეფაროს და ქართული ოპოზიცია ისევ მთავარ მტრად გამოაცხადოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსეი დანილოვს იმ ფორმულირებაში არ ეთანხმება, რაც ჩამოაყალიბა.
როგორც ჟურნალისტებს დეკანოიძემ განუცხადა, მის პარტიას გახმოვანებული აქვს, როგორ უნდა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია.
„პირველ რიგში, ეს არის მშვიდობიანი ინტეგრაცია. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რა მდგომარეობაა უკრაინაში და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ადამიანები მარიოპოლში, ხერსონში, ხარკოვში და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ამ განცხადებებს ამოეფაროს და ისევ ქართული ოპოზიცია მთავარ მტრად გამოაცხადოს. თქვენ თუ მოგისმენიათ ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგი კარასინის განცხადებებზე, რასაც ის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაზე აწყობს? მოგისმენიათ? – ამით არის ყველაფერი პასუხგაცემული. კობახიძეს კარასინზე არც ერთი საგანგებო ბრიფინგი არ ჰქონია“, – განაცხადა დეკანოიძემ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“.