ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს დაუოკებელი შიში მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის
ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს დაუოკებელი შიში მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის

„ქართულ ოცნებას“ დაუოკებელი შიში აქვს მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კობახიძე „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სააკაშვილის ბანერის გაშლას აფასებს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქვეყანაც, სახელმწიფოც და სამშობლოც არის სააკაშვილი.

დეკანოიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აღელვებს საქართველოს იმიჯი, რომელიც ძალიან შელახულია.

„ქართულ ოცნებას“ აქვს დაუოკებელი შიში მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. მათ არ აღელვებთ საქართველოს იმიჯი, რომელიც ძალიან შელახულია პირველ რიგში, იმის გამო, რომ მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია, ამიტომ რა თქმა უნდა, დისკომფორტს უქმნის „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის free misha- ს ბანერის და დროშის გადმოკიდება პარლამენტის დარბაზში“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და როგორც განაცხადა, დღევანდელი რეზოლუციის ტექსტით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ინტერესების გამტარებელი პარტია საქართველოში.

მისივე თქმით, „საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავს, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში ჩაწეროს რუსეთის ფედერაცია“.

„დღევანდელი რეზოლუციის ტექსტით, მათ შორის საგარეო კომიტეტზე განხილვების შედეგად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ინტერესების გამტარებელი პარტია საქართველოში. მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო კონსოლიდირებულია უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებითი სამხედრო აგრესიის შეკავების მიმართულებით, როცა ყველა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, საქართველოს ხელისუფლება, პარტია, რომელიც ნამდვილად ატარებს რუსულ ინტერესებს, ვერ ბედავს, რეზოლუციის ტექსტში ჩაწეროს რუსეთის ფედერაცია. რუსეთის მიმართ მაამებლური პოლიტიკიდან გამომდინარე თვლიან, რომ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში რეზოლუციის საკითხის გადატანა საზოგადოებას აზრს შეაცვლევინებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.