ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტის გამოსვლაში დამაკლდა, თავად რა ნაბიჯებს გადადგამს, რათა საქართველოში რუსეთმა არ მოიკიდოს ფეხი, იყოს მედიათავისუფლება, აქ ვგულისხმობ გვარამიას შეწყალებას
პრეზიდენტის გამოსვლაში დამაკლდა, თავად რა ნაბიჯებს გადადგამს, რათა საქართველოში რუსეთმა არ მოიკიდოს ფეხი, იყოს მედიათავისუფლება, აქ ვგულისხმობ ნიკა გვარამიას შეწყალებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, მოუწოდებს პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.
„კარგი იყო პრეზიდენტის გამოსვლა – უკრაინის მხარდაჭერა, ზელენსკის მაღალი შეფასება, ქართველი ხალხის შეფასება და იმის თქმა, რომ ყველაზე პროევროპულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც დამაკლდა – თავად რა ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთმა არ მოიკიდოს ფეხი, არ იყოს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია და იყოს მედიათავისუფლება. აქ ნამდვილად ვგულისხმობ ნიკა გვარამიას შეწყალებას. პრეზიდენტი უმაღლესი ტრიბუნიდან კანდიდატის სტატუსს ითხოვს, მაგრამ როცა ოლიგარქიულ მმართველობაზე არ აკეთებს მინიშნებას, ეს რაღაცნაირად ნიშანია. პრეზიდენტს მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გვარამია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.