ხატია დეკანოიძე - ოპოზიციის, საქართველოს მოქალაქეებისა და სტრატეგიული პარტნიორების პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა, რომ ხელისუფლებას მოუხდა აღიარება - საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებას მოუხდა აღიარება, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პრინციპულია, რომ საპატიმრო დაწესებულება დატოვოს გიორგი რურუამაც.
„მინდა გითხრათ, რომ ერთიანობამ, ოპოზიციის, საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუხდა აღიარება, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები. ზუსტად ამიტომ, ძალიან მალე გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დატოვებენ საპყრობილეს. აუცილებლად ველოდებით გიორგი რურუას გათავისუფლებას, რადგან შეთანხმების ბოლი ფაზა ითვალისწინებს სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე ადამიანების მიერ საპყრობილეების დატოვებას. აქ არის პრინციპული, რომ ყველა მათგანმა, მათ შორის გიორგი რურუამ დატოვოს საპყრობილე და გამოვიდეს თავისუფლებაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.