ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიას იმუნიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტიკურია, სასამართლო აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას თუ გადაწყვეტს, წინააღმდეგობას გავუწევთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას მისამართით სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გატარების გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას წინააღმდეგობას გაუწევენ.
„ისტორია იმახსოვრებს სამარცხვინო ადამიანებს, ვინც არის მონობაში, ვინც არის მტრის სამსახურში, სწორედ ისე, როგორც ამას აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სასამართლოშიც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.
მივმართავ ყველა ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ აქ მხოლოდ გირაოზეა საქმე, არა მეგობრებო, გირაოზე არ არის საქმე. საქმეა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რომ არ ვაპირებთ, თავი დავუხაროთ გავრილოვს. მხოლოდ ნიკაზე არ არის საუბარი, არამედ იმაზე, თუ რამდენად შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება და არ ვიყოთ მონობაში.
ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ დავუშვათ, სასამართლო მიიღებს აღკვეთის ღონისძიების გატარების გადაწყვეტილებას, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, არა მხოლოდ ნიკას დაცვას, არა მხოლოდ ჩემი მეგობრის, სუბიექტურად, ჩვენი თანამებრძოლის დაცვას, არამედ ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ღირსების, თავისუფლების, სუვერენიტეტის დაცვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ყველაზე უღირსი საქციელი, რაც კი შეიძლება ჩაიდინოს თავისუფალი ქვეყნის შვილმა, არის, რომ ემსახუროს თავის დამპყრობელს და ამას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“. გავრილოვის მონობა არის ყველაზე უღირსი საქციელი, რადგან გუშინ ღიად ბატონმა გავრილოვმა გადაუხადა მადლობა საქართველოს ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ ყველა იმ წარმომადგენელს, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის კანტორაში ზის. ასევე, მან გადატრიალების მცდელობად შეაფასა საქართველოს მოქალაქეების ძალიან გულწრფელი პროტესტი 20 ივნისს. მაშინ, როდესაც თვალები დათხარეს ადამიანებს, დაასახიჩრეს ადამინები, ვინც აპროტესტეტებდნენ მის წამოსკუპებას პარლამენტის თავმჯდომარის სკამში.
ჩვენ ვაპირებთ, გავრილოვს ვემსახუროთ? მე არ ვაპირებ, ამას არ აპირებენ არც ჩემი მეგობრები. ნიკას ნაბიჯმა არ გადაეხადა გავრილოვისთვის გირაო, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არ გაგვაჩნია არც სასამართლო, არც კანონის უზენაესობის მნიშვნელოვანი პრინციპები. ღირსება და თავისუფლება დგას ყველაფერზე მაღლა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციის წარმომადგენლებიდან წინააღმდეგ ხმა მისცეს ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ვროპელი სოციალისტების“ წევრებმა, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ.