ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიას დაპატიმრებას „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს
ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიას დაპატიმრებას „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს

ერთი მინდა, შევპირდე „ქართულ ოცნებას“ და ვფიქრობ, ძალიან სწორი ვიქნები ამ შეფასებაში – ნიკა მელიას დაკავება, დაჭერა არ არის მარტივი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ნიკა მელიას საქმე, რომელიც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვნად დაკავშირებული და პირდაპირ კავშირში გავრილოვის საქმესთან, ანუ გავრილოვის დავალებასთან, კარასინის და პუტინის დავალებასთან, რომ დაესაჯათ ყველა ჩვენი მეგობარი და საქართველოს მოქალაქე, ვინც გააპროტესტა გავრილოვის ჩამოსვლა და გააძევა ქვეყნიდან, არის კიდევ ერთი თვალხილული მაგალითი იმის, რომ საქართველოში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება. პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოიყენება პროკურატურა, სასამართლო და პარლამენტი. არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს პარლამენტი. ამიტომ მორჩილი უმრავლესობა რას გადაწყვეტს, თუ როგორ გადაწყვეტს, რომელ ღილაკს დააჭერს ხელს, ეს რასაკვირველია იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისევე როგორც სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. ერთი მინდა შევპირდე „ქართულ ოცნებას“ და ვფიქრობ, ძალიან სწორი ვიქნები ამ შეფასებაში, რომ ნიკა მელიას დაკავება, დაჭერა არ არის მარტივი. არ არის მარტივი, რადგან ზოგადად, თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში უამრავი ადამიანი, ვინც გავრილოვს აპროტესტებდა, ამ ადამიანების დასჯას ნიშნავს. ამიტომ მე ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი შემიძლია გითხრათ – მელიამ თქვა ზუსტად, რომ გავრილოვის გირაოს გადახდა, გავრილოვის დავალებების შესრულება ეს მიდის იმ ღირსების წინააღმდეგ, რომელიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომელიც ვართ ამ ბრძოლაში“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას ვერ გაბედავს.

„ვერა, ჩემი წარმოდგენით „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს ნიკა მელიას დაჭერას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ესე მარტივიც არ არის, რადგან თავისივე გახლართულ სქემებში აიბლანდნენ, გაიხლართნენ და ახლა ფიქრობენ, როგორი გამოსავალი მოძებნონ. პროკურატურის უაზრო განცხადება გაავრცელეს, მერე გირაოს ვადა გავიდა და დაავიწყდათ, თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არის მათ წინააღმდეგ, ისევე როგორც ერთპარტიული პარლამენტი. ჩემი წარმოდგენით, ორი უფსკრულის პირას არიან, ჩემი წარმოდგენით ასე მარტივი არ არის მელიას დაჭერა. ზოგადად ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში უმრავლესობამ შეცვალოს გადაწყვეტილება, ან სასამართლოში უფრო რაღაც სხვა კუთხით განიხილონ. მაგრამ ეს ხომ სამართლებრივ ჭრილში არ განიხილება. ჩემთვის კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან კონკრეტული კონტექსტია და ფორმულაა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემგუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.