ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დარბაზში შესვლიდან 10 წუთში უმრავლესობა გაიქცა, მათ შეეშინდათ მთავარი ოპოზიციური ძალის, ნიკა მელიას პოლიტიკური მიმართვის
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დარბაზში შესვლიდან 10 წუთში უმრავლესობა გაიქცა, მათ შეეშინდათ მთავარი ოპოზიციური ძალის, ნიკა მელიას პოლიტიკური მიმართვის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ, ბოიკოტი გამოუცხადა სხდომას.

დეკანოიძის განმარტებით, საპარლამენტო სესიის დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლიდან 10 წუთში უმრავლესობამ სხდომა დაასრულა და შიშის გამო გაექცა მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც სურდა მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიაში მონაწილეობის მიღება.

„დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ, მგონი, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც უმრავლესობამ და ხელისუფლებამ, ანუ იმ ადამიანებმა, ვინც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“, ბოიკოტი გამოუცხადეს თვითონ სესიას და სხდომას. მას შემდეგ, რაც ჩვენ დღეს არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას ისეთი საკითხების განხილვაში, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, მათ შორის ეს არის პარტიების დაფინანსების საკითხის ჩახსნა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს რეპრესიული კანონმდებლობა მიიღოს, ასევე ამნისტიის კანონპროექტის განხილვა და როდესაც კიდევ 10-ზე მეტი საკითხი იყო განსახილველად შემოტანილი, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სესიის დარბაზში შესვლისთანავე, 10 წუთში უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და გაიქცა დარბაზიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი, ანუ „ქართული ოცნება“, უმრავლესობა, ჩამოშლილი ხელისუფლება, რომელსაც საერთოდ არავითარი საყრდენი არ აქვს, შიშის გამო გაექცნენ ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა, რომ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა ისეთი საკითხების განხილვაში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკურად მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებს საქართველოში. 10 წუთში ბატონმა კუჭავამ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ არის ნეიტრალური თავმჯდომარე, მიიღო გადაწყვეტილება, დაესრულებინა სხდომა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა და არავითარი საყრდენი არ აქვს.

„პირველ რიგში, ეს ჩემთვის და ყველა ჩემი მეგობრისთვის, ვინც შემოვედით სესიაზე საპარლამენტო საქმიანობის დასაწყებად, ადასტურებს, რომ ამ გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას საერთოდ არ აქვს არავითარი საყრდენი, ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და ძალა ერთობაშიას ბლოკის წარმომადგენლების შიშით, არის, 10 წუთში დაასრულონ საპარლამენტო სესია ისე, რომ არ განიხილონ არც ერთი საკითხი, რაც მათ შორის ბიუროზე იყო გატანილი. მათ ასევე შეეშინდათ ნიკა მელიას ფრაქციის დროით გამოყენებული პოლიტიკური მიმართვის და შეეშინდათ ყველა ჩვენი ბლოკის, პარტიის წევრის ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობის ამ სესიაზე.

მივმართავ ყველა ადამიანს, რომ ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის მოტანას და ზუსტად დისკუსიაში ჩართვას, რომელიც აწუხებს საქართველოს საზოგადოებას. ბოიკოტი, გაქცევა, შიში და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც სამწუხაროდ ვერ იღებს ბატონი კუჭავა ამ შემთხვევაში, არ უშველის „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ ძალას არავითარი პოლიტიკური საყრდენი არ აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „თუ შეიძლება, რაღაც დროის შემდეგ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გადაიხედოს“, – დეკანოიძის თქმით, ამ ეტაპზე არავითარი გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება.

„ჩვენი პარტიისა და ბლოკის წევრებისთვის, თუმცა უფრო ჩვენი პარტიისთვის, რადგან პოლიტსაბჭო არის გადაწყვეტილებების მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, ამ ეტაპზე არავითარი გადაწყვეტილებების გადახედვა არ იგეგმება“, – დასძინა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით გასული დეპუტატები დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთნენ.