ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ შედგება უამრავი ადამიანისგან, რომელსაც არჩეული აქვს პრინციპული პოზიცია, საქართველო ოლიგარქის გარეშე, გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას
ნამდვილად არ შემიძლია, მოვუწონო ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა, კარგი იქნებოდა, პარტიასთან და პოლიტსაბჭოსთან ცოტა მეტი კომუნიკაცია ჰქონოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეცდომაა გრიგოლ ვაშაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც იგი ამბობს, რომ პარტია თავს ესხმის ელჩებს.
ხატია დეკანოიძის განმარტებით, ბრძოლაში, რომელშიც იმყოფებიან, დასავლეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, რადგან იგი ბრძოლის ძალიან მძიმე ეტაპზე შემოუერთდა პარტიას. რაც შეეხება წასვლის ფორმას, მე ნადვილად არ შემიძლია, მოვუწონო ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა, კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი კომუნიკაცია ჰქონოდა პარტიასთან და პარტიის პილიტსაბჭოსთან.
შეცდომაა მისი განცხადების ის ნაწილი, სადაც იგი ამბობს, რომ პარტია თავს ესხმის ელჩებს. არც ერთი ლიდერის არც ერთ განცხადებაში პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ ბრძოლაში, რომელშიც ვიმყოფებით, დასავლეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის განცხადების მეორე ნაწილს, დეკანოიძის თქმით, მისთვის უცნობია, ვის მოიხსენიებს ვაშაძე ოდიოზურ ფიგურებად.
„რაც შეეხება მეორე ნაწილს, მე არ ვიცი, ვის მოიხსენიებს ბატონი გრიგოლი ოდიოზურ ფიგურებად. ოდიოზური ფიგურები, რომლებიც, სამწუხაროდ, აქებდნენ დღეს მის ამ ნაბიჯს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მმართველ პარტიაში. ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, ყველა თავისი ბრძოლის შესაბამის გზას ირჩევს, მაგრამ თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება და ვფიქრობ, ამ გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედგება უამრავი ადამიანისგან, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში არჩეული აქვს ძალიან მძიმე, მაგრამ პრინციპული პოზიცია – საქართველო ოლიგარქის გარეშე. გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სხვების წასვლას, ჯერჯერობით არავის გამოუთქვამს სურვილი. პარტია გააგრძელებს ბრძოლის იმ რეჟიმში მუშაობას, როგორც ეს უნდა და სურს ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს. როდესაც არის ადამიანი პარტიის თავმჯდომარე და ბრძოლის გარკვეულ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე მიაჩნია, რომ სწორი სტრატეგია უნდა იყოს, მაშინ კარგი იქნებოდა, მისი მხრიდან პარტიასთან უფრო მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო. გარკვეულწილად, ეს შეეხებოდა ტაქტიკას, ბოიკოტის რეჟიმსაც“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება კითხვას, გრიგოლ ვაშაძე ბოიკოტს მხარს არ უჭერდა?,- დეკანოიძე პასუხობს, რომ გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადებით, ის ფიქრობდა, რომ პარტიას ბრძოლის სხვა სტრატეგია უნდა აერჩია.
„გვახსოვს ყველას მისი პირველი განცხადება, როდესაც იგი ფიქრობდა, რომ პარტიას ბრძოლის სხვა სტრატეგია უნდა აერჩია, მაგრამ ჩვენ ვართ ერთიანები ოპოზიციასთან ერთად და ვფიქრობთ, აუცილებელია, არ მივანიჭოთ ლეგიტიმაცია იმ პარლამენტს, რომელიც არ არის ლეგიტიმური. მე არ მგონია, რომ ბატონო გრიგოლი ცალკე, ოპოზციის გარეშე შევიდეს პარლამენტში, ნამდვილად ვერ დავიჯერებ ამას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დღეს დატოვა.