ხატია დეკანოიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა.
ამის შესახებ პარტის ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
„„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ხატია დეკანოიძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს.
„მე ვხედავ ჩემს ფუნქციას, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას, ბრძოლას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი, მეტ-ნაკლებად, ის ადამიანები, ვისაც ვიცნობთ კარგად, მაგრამ შეიძლება არ ვეთანხმებით. ამიტომ დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს. მინდა, კობას და ჩემს მეგობრებს დიდი მადლობა ვუთხრა. თინა ბოკუჩავას ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ, ძალიან დიდი მხარდაჭერით მის მიმართ ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ნებისმიერი შემთხვევისთვის, ნებისმიერი ბრძოლისთვის მზადაა. ჩემი პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს. ნებისმიერი ეგოცენტრულობა და პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 2023 წლის მარტში დატოვა და, რომან გოცირიძესთან ერთად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ შექმნა.