ხატია დეკანოიძე - მოლაპარაკებების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა და არ გაათავისუფლა ნიკა მელია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს
მოლაპარაკებების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა და არ გაათავისუფლა ნიკა მელია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ მოლაპარაკებებზე ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს პარტიას.
„არავითარი ინდიკატორი იმისა, რომ ამ კვირაში მოლაპარაკებები ჩაინიშნება, არ მიგვიღია. როგორც ხედავთ, ნიკა მელიას საპატიმროში დატოვებამ და იმ ტყუილმა, რომელსაც პროკურატურა და „ქართული ოცნება“ პროპაგანდისთვის იყენებენ, რომ თითქოს ციხის კარები ღიაა და როცა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ნიკას გამოსვლა, აღმოჩნდა ტყუილი, რადგან აღკვეთის ღონისძიება ანუ პატიმრობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები კიდევ უფრო იზღუდება, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას მოლაპარაკებებში, კი, ჩვენი პოზიციაა ნამდვილად, რომ ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს „ნაციონალური მოძრაობას“ ამ მოლაპარაკებებში და კიდევ უფრო იზღუდება სივრცე შეთანხმებისთვის, როდესაც ჩვენი პარტიის ლიდერი არის პატიმრობაში. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ კი, მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას, მაგრამ ეს სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა, ვინაიდან ზუსტად „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა და მათ შორის არ გაათავისუფლა მელია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. ამიტომ, ჩვენი მიდგომა არის ის, რომ სასიცოცხლო საკითხები, რომელიც ეხება პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, შეხვედრა 15 მაისისთვის დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო ხასიათს ატარებდა.
„ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრა იყო საორგანიზაციო 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის რეგიონში გასვლები, სხვადასხვა შეხვედრებით არა მხოლოდ ამომრჩევლებთან, არამედ ბევრ ადამიანთან, ვისაც აინტერესებს რეალურად ქვეყანაში კეთილდღეობა, რადგან ეს არის პირდაპირ კავშირში ზუსტად იმ პოლიტიკურ კრიზისთან, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში. ამიტომ, ასეთი საორგანიზაციო შეხვედრები კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.