ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი რეფერენდუმზე მხოლოდ არჩევნების კონტექსტში საუბრობდა
მოქალაქეების 85 პროცენტი ევროატლანტიკურ კურსს ემხრობა, არ მგონია, რომ საქართველოში ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩასატარებელია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტმა იგულისხმა 26 ოქტომბერი, არჩევნები, სადაც დგას გეოპოლიტიკური საკითხი – ევროპა თუ რუსეთი?
„რეფერენდუმზე მხოლოდ არჩევნების კონტექსტშია საუბარი“, – განმარტა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ სრულად მხარს უჭერს პრეზიდენტის მიერ გაცხადებულ ქარტიას.
„რაც შეეხება ქარტიას, ორივე ნაწილს მხარს ვუჭერ, რადგან ეს ის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იტვირთოს და პასუხისმგებლობა აიღოს“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძემ რეფერენდუმის საკითხზე კომენტარი ადრეც გააკეთა, რა დროსაც აღნიშნა: „პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, რადგან ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები“.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 მაისს განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი. „უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი. ენერგია, რაც დღეს თქვენში არის, უნდა მოხმარდეს იმას, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან. მოვაწერ ხელს რეფერენდუმს, გვინდა ევროპული მომავალი თუ რუსული მომავალი“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს.