ხატია დეკანოიძე - მე პირადად, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს და საქართველოში არასდროს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა.
მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მოქალაქეებს არასდროს მოუწიოთ ევროპული მომავლის მეორედ დაცვა.
„მე პირადად, ერთი ადამიანი და ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ის, ვინც საქართველოს მომავალს უყურებს პერსპექტივით, საქართველოს მომავალს უყურებს ევროპაში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ევტუშენკოვს ეჭუკჭუკება, ივანიშვილი, რომელიც არის ოლიგარქი და ერევა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ინსტიტუტების საქმიანობაში, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც განკარგავს ადამიანებს, რომლებიც სხედან ამ ლოჟაში, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს ადამიანი დასანქცირდეს. გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველოში არასდროს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენს შვილებს, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს არასდროს მოუწიოს ევროპული მომავლის დაცვა მეორედ. ამიტომ, ჩემო ძირფასო თანამოქალაქეებო, ძმებო, დებო, სტუდენტებო, ყველას, ვინც ვიყავით 20 ივნისს, უნდა გესმოდეთ, რომ ამ ადამიანების საუბარს აზრი არ აქვს, აზრი აქვს იმას, რასაც თქვენ იტყვით, როდესაც გამოხვალთ და საქართველოს ევროპულ მომავალს დაიცავთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა.