ხატია დეკანოიძე - მძიმე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ის პოზიცია, რაც აუცილებელია, რომ ჰქონდეს უკრაინასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან
მძიმე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ის პოზიცია, რაც აუცილებელია, რომ ჰქონდეს უკრაინასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებაზე.
ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების რისხვას დაიმსახურებს.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმეა ის მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან მიმართებაში. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღიად, ქართველ მებრძოლებს, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინაში, „საწყალ ბიჭებს“ უწოდებს. რეალურად, მათ არ აქვთ აღქმა, რატომ არის ამ ადამიანებისთვის მთავარი თავისუფლებისთვის ბრძოლა. ასევე ძალიან მძიმეა ის აღქმა, რომელიც ჩვენ გვაქვს უკრაინის ხელისუფლების თხოვნასთან დაკავშირებით, მათ შორის არის ჰუმანიტარული დახმარება და, პირველ რიგში, გენერატორები. როგორც აღმოჩნდა, გენერატორები ძალიან სერიოზული დახმარებაა ბავშვებისთვის, ქალებისთვის, ვინც ახლა, რეალურად, ძალიან ცივ ზამთარს უმკლავდებიან. შესაბამისად, ეს არის მძიმე შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ის პოზიცია, რაც აუცილებელია, რომ ჰქონდეს უკრაინასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, დაიმსახურებს საქართველოს საზოგადოების რისხვას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, ხატია დეკანოიძემ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომ „საქართველო სრულ და აბსოლუტურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლების ზემოთ, სამხედრო დახმარებას კი ვერ და არ გაუწევს“.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ, თავისუფლებისთვის ბრძოლა რას ნიშნავს და „ასეთი დამოკიდებულებით რეალურად ცდილობენ, ადამიანების თავგანწირვაც კი პარტიულ ჭრილში წარმოაჩინონ“.
„ეს არის ნამდვილად ძალიან მძიმე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. სხვა სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.