ხატია დეკანოიძე - ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავაყენე საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებლის ჩამოყვანის შესახებ
ხატია დეკანოიძე - ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავაყენე საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებლის ჩამოყვანის შესახებ

ლიეტუვის პრეზიდენთან შეხვედრაზე დავაყენე საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებლის ჩამოყვანის შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბევრი დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ყველაფერს გააკეთებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი ბლოკის „ძალა ერთობაშია“ მთავარი საკითხები იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი დამოკიდებულება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პარტნიორთან, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში დაუღალავად იბრძვის, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნამდვილად ღირსეული წევრი.

პარტიის წარმომადგენლებს დელეგაციის წევრებთან მანამდეც გვქონდა ცალკე შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური ინდექსი თუ არ იქნება მაღალი და თუ არ იქნება თავისუფალი მართლმსაჯულება, საქართველოს არ ექნება დემოკრატიული მომავალი და ვერ დადგება დღის წესრიგში ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების საკითხი. რაც შეეხება პრეზიდენტთან შეხვედრას, მე დავაყენე საკითხი, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ბევრი დამკვირვებლის ჩამოყვანას და ამაში სწორედ ჩვენი მეგობრების დახმარებას იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პრეზიდენტმა და მათ შორის დელეგაციის წევრებმა თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს საქართველოში, განსხვავებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, როდესაც ძალიან მცირე იყო დამკვირვებლების ჯგუფები“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ლიეტუვის პრეზიდენტთან შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, თუმცა ამ საკითხზე ისაუბრეს დელეგაციის წევრებთან.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათი შეშფოთების საგანს ამნისტიის საკითხი წარმოადგენს.

„პრეზიდენტთან არ ყოფილა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ჩვენ ყველამ ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანი საშინაო დავალება აქვს საქართველოს შესასრულებელი მართლმსაჯულების კუთხით, დემოკრატიის კუთხით, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათი ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური.

ჩვენ შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ დელეგაციის წევრებთან, ჩვენთან ცალკე ფრაქციაში შეხვედრის დროს. ჩვენ მათ ავუხსენით, თუ რა იყო ჩვენი შეშფოთების მთავარი საგანი, რომ ეს იყო ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც რეალურად დათქმას გულისხმობდა ნიკა მელიას წინააღმდეგ და ასევე 333-ე მუხლის მიერ ბლანკეტური გადაფარვა ძალიან ბევრ ადამიანზე, ვინც ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით ერთ მნიშვნელოვან საკითხს, ამნისტიის გარდა ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ თანამშრომლობის პასუხისმგებლობა მართლმსაჯულების საკითხზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ცესკო-ს რეფორმირებაზე და ა.შ. ხელმოწერის გარეშე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაპირებთ, რომ შევხვდეთ ფრაქციების წარმომადგენლების და ლიდერების დონეზე, მათ შორის ოპოზიციას და უმრავლესობასაც. ჩვენი მუდმივი განცხადება იყო ის, რომ ამნისტია იყო ერთ-ერთი ის თემა, რომელზეც ჩვენ გვქონდა შეშფოთება“, – განაცხადა დეკანოიძემ.