ხატია დეკანოიძე - ლევან ხაბეიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საჩუქარი მაშინ გაუკეთა, როცა პარტიულ გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღო
ლევან ხაბეიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საჩუქარი მაშინ გაუკეთა, როცა პარტიულ გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა, რომელიც ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
დეკანოიძის თქმით, თუ რაიმე „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, სწორედ ლევან ხაბეიშვილის განცხადებაა.
„არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობას, ვისაც ცვლილება უნდათ და ვინც საკუთარი შვილების მომავალს ევროპაში ხედავენ, ევროპაში წასვლა უნდოდეთ, რადგან მათი სურვილია, საქართველოში იცხოვრონ. ასევე არ მგონია, რომ ქართველი ხალხისთვის რაიმენაირად საინტერესო იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი მმართველის წარმომადგენლის მოსაზრება და მის მიერ ხელოვნურად შექმნილი მედიათემა, რომელიც ხალხის ინტერესს არ ასახავს და ასახავს კონკრეტული ადამიანების ვიწრო ინტერესს. თუ რაიმე „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და საკითხი არაფორმალური მმართველობის დამაზიანებელი ეფექტისაგან გადააქვს, სწორედ ეს არის. ამ ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი საჩუქარი მაშინ გაუკეთა, როცა პარტიულ გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა. ამით მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე დიდი საჩუქარი – დაშლილი, დასუსტებული „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღო.
მე მაინტერესებს ხალხი და პოლიტიკაში მათი ინტერესის ასახვა. გადით ქუჩაში და იკითხეთ, ხაბეიშვილის პოზიცია ვინმეს აინტერესებს? თვითონ პარტიამაც კი საერთაშორისო წარმომადგენლობაში ის სხვა პარტიის თავმჯდომარით ჩაანაცვლა“, – აცხადებს დეკანოიძე.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, წუხს, რომ ხატია დეკანოიძე და ხათუნა სამნიძე სტატუსთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რაც „სრული ბოდვა და სიგიჟეა“.