ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებას პროდასავლური მომავალი თუ სურს, საარჩევნო ბარიერი უნდა დაწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიებს ვუბიძგებთ გაერთიანებისკენ
ხელისუფლებას პროდასავლური მომავალი მართლა თუ სურს, მაშინ საარჩევნო ბარიერი უნდა დაწიოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ბარიერის დაწევაზე. თქვენ რა პოზიცია გაქვთ?“
ხატია დეკანოიძის თქმით, საარჩევნო ბარიერი თუ არ დაიწევა, ამით პარტიებს ავტომატურად უბიძგებენ გაერთიანებისკენ.
„თანამშრომლობა ეფემერულ ერთობას არ ნიშნავს. აკრძალულია ბლოკები და არსებობს ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ხელისუფლებას პროდასავლური მომავალი მართლა თუ სურს, მაშინ ბარიერი უნდა დაწიოს. ბარიერის დაწევა იქნება მრავალფეროვანი პარლამენტის და სხვადასხვა ძალის წახალისება, შემდეგ უკვე ზუსტად კოალიციური ხელისუფლების შეკვრა პროდასავლური ძალების მიერ. ბარიერი თუ არ დაიწევა – და როგორც ჩანს, ხელისუფლებას ასეთი განზრახვა აქვს – მაშინ ალბათ სხვადასხვა ცენტრის შექმნა აუცილებელი იქნება.
შარლ მიშელის შეთანხმებაში საარჩევნო ბარიერი იყო ორი პროცენტი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საგზაო რუკა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში იყო, მათ შორის, დემოკრატიის კუთხით. ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველოს ცხრა საფეხური აქვს გასავლელი და ერთ-ერთი საფეხური დემოკრატიას ეხება. დემოკრატია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება არსებობდეს და პარტიებს მართლაც ჰქონდეთ გამოკვეთილი საკუთარი მოსაზრება, იდენტობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ პარტიებს ავტომატურად ვუბიძგებთ გაერთიანებისკენ.
„ქართული ოცნების“ სურვილია, მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახოს ბარიერი და ორპარტიული პარლამენტი იყოს, რაც გაცილებით უარეს სურათს ნიშნავს. უნდა გავიხსენო „ქართული ოცნების“ განცხადებები, ამბობდნენ, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ განიხილავდნენ ბარიერის დაწევას. ესეც არ არის ამოსავალი წერტილი. ოპოზიცია თუ მოინდომებს და ალტერნატივას აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ შეუნარჩუნებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კითხვაზე, ოპოზიცია ბარიერის დასაწევად ერთობლივ მოქმედებას ხომ არ გეგმავს, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა:
„კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინაც მნიშვნელოვანი იყო საუბარი ბარიერის დაწევაზე. ეს საკითხი შარლ მიშელის შემდეგ არსებობს. პარტიების მიერ დაგეგმილ კამპანიაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.