ხატია დეკანოიძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ორივე ვარიანტი არის რუსული, ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ მხარდაჭერას, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დამაბრკოლებლები იქნებიან
„ხალხის ძალის“ კანონპროექტის ორივე ვარიანტი არის რუსული. ეს არის რუსული კანონპროექტის ძალიან სერიოზული შინაარსის ფურცელი, რომელიც პირდაპირ დესტრუქციას უწყობს ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტი ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის.
„„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ გრძელდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის და, ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი. რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილის დეპუტატების მიერ, ე.წ. ხალხის ძალის მიერ, რომელიც არის „ქართული ოცნების“ განშტოება, რეგისტრირებული იყო რუსული კანონპროექტი, რომელიც ყველანაირ ჟანგბადს უსპობს სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს. ეს კანონპროექტი შეფასებულ იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, როგორც რუსული კანონპროექტი. ამას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი. ევროკავშირმა პირდაპირ თქვა, რომ ნებისმიერი კანონპროექტის სახეცვლილების მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე, გუშინ იყო გაერო-ს განცხადება, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარება საქართველოში დადგება საფრთხის წინაშე იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული. ამის შემდეგ დღეს ბიუროზე რეგისტრირდება ამ კანონპროექტის მეორე სახეცვლილება, რომელიც ვითომ გაცილებით უფრო ხისტი ვარიანტია და ფიზიკური პირების ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას, მათ შორის ყველა ადამიანის მიმართ პოლიტიკური ეგზეკუციის ნორმების განხორციელებას ითვალისწინებს. რეალურად, იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტების ერთობლივ განხილვაში შევა პარლამენტი და უმრავლესობა, ეს არავითარ ცვლილებას არ მოუტანს საზოგადოებას.
გარდა ამისა, რეალურად, ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს. იცით, რომ უამრავი ადამიანია ჩართული სწორედ ამ პროექტებში, ჩვენი საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ პროექტებში – ეს არის ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ-პირები, სკოლის განათლების პროგრამები, ინკლუზიური პროგრამები. ყველა ამ მიმართულებით სერიოზული უკუსვლა იქნება. რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი პირდაპირ არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო. საქართველოს კონსტიტუციით ჩვენს სახელმწიფოს გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. პარლამენტი, ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უმრავლესობიდან, რომელიც ამ კანონპროექტის განხილვაში შევა, გადაწყვეტს, რომ პირველ ვარიანტს ან მეორე ვარიანტს დაუჭიროს მხარი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დამაბრკოლებლები იქნებიან და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის საბოლოო, შეუქცევადი პროცესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეჩერების კუთხით. ორივე ვარიანტი, რეალურად, რუსული ვარიანტია და არცერთი კანონპროექტის მიღება არ შეიძლება. ეს ხაზს გადაუსვამს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მათზე უკეთ იცის, რომელია ამერიკული კანონმდებლობა და რომელი არ არის, მათ შორის ელჩი დეგნანი ხაზს უსვამს, და მთელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხაზს უსვამენ, რომ, რეალურად, კანონპროექტი არის რუსული. ორივე არის ყველანაირი თავისუფალი სივრცის დახურვა არასამთავრობოებისთვისაც და სამოქალაქო სექტორისთვისაც“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო ბოიკოტის საკითხს, როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, ბოიკოტთან დაკავშირებით მისი პოზიცია კვლავ უცვლელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია განხილვა, რომელიც დაიწყება, ყველა მიმართულებით იყოს წინააღმდეგობაში, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან. ეს არის ჩემი პოზიცია, რომელიც არ შეცვლილა. კვლავ ვაპირებ განხილვაში მონაწილეობის მიღებას“, – აღნიშნა დეკანოიძემ.