ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შეუქმნა ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი გამოწვევა, დავით გარეჯის თემა
ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი საზოგადოების დამყოფი ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელიც სრულიად დისკრედიტირებულია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წვერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პრემიერის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შეუქმნა ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული გამოწვევა და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი გამოწვევა – დავით გარეჯის თემა.
„ეს არის ადამიანი, რომელმაც მოატყუა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, როდესაც პირობა მისცა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური დევნა საქართველოში არ დაიწყებოდა.
ეს არის ადამიანი, რომელიც ხელს არ აწერდა აშშ-ს სამხედრო დახმარების გადმოცემას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ადამიანი, რომელმაც ხიდაშელთან ერთად, რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად გარიგებით, პირდაპირ საქართველოს შეუქმნა ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული გამოწვევა და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი გამოწვევა, ვგულისხმობ დავით გარეჯის თემას“, – განაცხადა დეკანოიძემ.